LIVE

ჩინური mRNA ვაქცინის ეფექტიანობა ცნობილი წლის ბოლოს გახდება

06 სექ 202112:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 914
ჩინური mRNA ვაქცინის ეფექტიანობა ცნობილი წლის ბოლოს გახდება
Bloomberg

პირველი ჩინური Covid-19-ის საწინააღმდეგო mRNA ვაქცინის მწარმოებელს სურს, პრეპარატის ეფექტიანობის მაჩვენებელი წლის ბოლომდე დაადგინოს. მისი გათვლებით, მონაცემები ცნობილი უახლოეს თვეებში გახდება. 

ვაქცინამ, რომელზეც ჩინური კომპანიები Walvax Biotechnology და Suzhou Abogen Biosciences-ი სამხედრო სამედიცინო მეცნიერების აკადემიის მკვლევრებთან ერთად მუშაობენ, ინდონეზიისა და მექსიკის მარეგულირებლებისგან კლინიკური კვლევის ფინალური, მე-3 ეტაპის ტესტირების დასაწყებად ნებართვა უკვე მიიღო.

კვლევა 30 000 ადამიანის მონაწილეობას ითვალისწინებს. მის ავტორებს სურთ, რომ ტესტირების შუალედურმა ანალიზმა მოიცვას ვაქცინის ეფექტიანობის მონაცემები ვირუსის ორიგინალური ვერსიისა და მისი ვარიანტების, მათ შორის უაღრესად ინფექციური დელტა შტამის წინააღმდეგ. მწარმოებლები დარწმუნებული არიან, რომ მათი ვაქცინის ეფექტურობა Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის ეფექტურობის მსგავსი იქნება.   

Sinovac Biotech-ისა და Sinopharm-ის მიერ შექმნილი პოპულარული ჩინური ინაქტივირებული ვაქცინების ეფექტიანობა კლინიკურ კვლევებში 50%-დან იწყება და 80%-ს ოდნავ აღემატება. არც ისე ბევრი რამ არის ცნობილი მათი დელტას წინააღმდეგ ეფექტურობის შესახებ, თუმცა ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ ამ ვაქცინებმა სამხრეთ ჩინეთში ვაქცინირებული ადამიანები დაავადების მძიმე განვითარებისგან დაიცვეს. 

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და მექსიკაში ინფიცირების ახალმა ტალღამ შესაძლოა დააჩქაროს Walvax-ის ტესტირება. ინდონეზიაში სრულად აცრილია მოსახლეობის 20%-ზე ნაკლები, ვირუსი კი ჯერ კიდევ ფართოდ ვრცელდება.  ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები მაღალია მექსიკაში, რაც დელტა შტამის გავრცელებითაა გამოწვეული. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია