LIVE

Netflix-ზე Seinfeld-ის დებიუტმა კომპანიის აქციების ფასი გაზარდა

02 სექ 202120:58
3 წუთის საკითხავი
clock clock 575
Netflix-ზე Seinfeld-ის დებიუტმა კომპანიის აქციების ფასი გაზარდა
Bloomberg

ცნობილი შოუ Seinfeld-ი, "შოუ არაფრის შესახებ", Netflix-ის ინვესტორებს აღელვების მიზეზს აძლევს.

სტრიმინგ სერვისის აქციების ფასი ოთხშაბათს 2.3%-ით გაიზარდა და იანვრის შემდეგ ყველაზე მაღალ დონემდე ავიდა. ზრდა, რომელიც ბოლოდროინდელ აღმავალობის ტენდენციას აგრძლებს, მას შემდეგ დაიწყო, რაც Netflix-მა პლატფორმაზე პოპულარული სიტკომის Seinfeld-ის განთავსების შესახებ განაცხადა. სიტკომი Netflix-ზე 1-ლი ოქტომბერიდან გამოჩნდება.

"შოუს პლატფორმაზე განთავსება შეიძლება იყოს არა მხოლოდ მომხმარებლების ზრდის მთავარი კატალიზატორი, არამედ აბონენტების გადინების შემცირების საშუალებაც. დადასტურებულად კომფორტული კონტენტის მოპოვებას, როგორიც არის აიკონური Seinfeld-ი, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მით უმეტეს, რომ სტუდიების უმეტესობამ უკან დაიბრუნა მათი ჰიტები საკუთარი სტრიმინგ პლატფორმებისთვის", - წერს Bloomberg Intelligence-ის ანალიტიკოსი გეტა რანგანატანი.

ოთხშაბათის ზრდა რიგით მეხუთე პოზიტიური სესია იყო Netflix-ის აქციებისთვის, რომელიც აგვისტოს მინიმალურ მაჩვენებელთან შედარებით 14%-ით გაიზარდა.

მიუხედავად ბოლოდროინდელი ზრდისა, Netflix-ის აქციებს წელს ცუდი წელი აქვს, რადგან ინვესტორები ეჭვქვეშ აყენებენ აბონენტების ზრდის პერსპექტივას გასული წლის პანდემიით გამოწვეული ზრდის შემდეგ. 2021 წლის კომპანიის აქციების თითქმის 8%-იანი ზრდა მნიშვნელოვნად ჩამორჩება S&P 500 ინდექსის 20%-იან ზრდას, ისევე როგორც S&P 500 საკომუნიკაციო მომსახურების სექტორის ინდექსის 30%-იან აღმასვლას.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რაიან ვლასტელიკა