
თეთრ სახლში აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენის და ვოლოდიმირ ზელენსკის ორსაათიანი შეხვედრა გუშინ ერთობლივი პრესკონფერენციის გარეშე დასრულდა, თუმცა მოლაპარაკებების საკითხები ცნობილი გახდა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ გამოქვეყნებული განცხადების მეშვეობით.
უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკელი კოლეგისგან მიიღო პირობა, რომ აშშ "მტკიცედ რჩება ერთგული უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“. სამხედრო შესაძლებლობების გასაძლიერებლად უკრაინა ამერიკისგან მიიღებს $60-მილიონიანი დახმარების პაკეტს, რაც ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების, „ჯაველინის“ და სხვა ტექნიკის მიწოდებას ითვალისწინებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ მხარს უჭერს უკრაინის უფლებას დამოუკიდებლად გადაწყვიტოს მომავალი საგარეო-პოლიტიკური კურსი, მათ შორის NATO-ში გაწევრიანება და ის მზად არის უკრაინას ამ მიმართულებით რეფორმების განხორციელებაში დაეხმაროს.
ბაიდენთან შეხვედრა "ჩრდილოეთის ნაკად 2"-თან დაკავშირებული დაძაბულობის ფონზე წარიმართა. უკრაინამ მიიღო დაპირება, რომ აშშ გააგრძელებს ძალისხმევას, რათა უკრაინამ სატრანზიტო როლი შეინარჩუნოს.
ზელენსკი შეეცადა დაეზუსტებინა თუ როგორ უზრუნველყოფენ დასავლელი მოკავშირეები ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოს უსაფრთხოებას, მით უმეტეს, რომ რუსეთთან ბუნებრივი აირის მიწოდების ამჟამინდელი ხელშეკრულება იწურება 2024 წელს და "ჩრდილოეთის ნაკადი 2" საფრთხეს უქმნის მის, როგორც სატრანზიტო ქვეყნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან შემოსავალს. ზელენსკის შეშფოთების მთავარი მიზეზი ისაა, რომ თუკი ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ითანამშრომლებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა და ჩინეთი, უკრაინა დაზარალდება.
ზელენსკიმ ბაიდენს განუცხადა, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის.
შეერთებული შტატები უკრაინაში უსაფრთხოების გასაძლიერებლად წელს $400 მილიონს დახარჯავს. ბაიდენი ასევე გეგმავს დამატებით Covid-19–ით მიყენებული ზიანის გამო $12.8 მილიონიანი დახმარების გაგზავნას.
ბაიდენის ადმინისტრაციის თანახმად, ზელენსკი ვაშინგტონში 30 აგვისტოს ჩავიდა. ის შეხვდა თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს და კაბინეტის სხვა წარმომადგენლებს, რომლებთანაც ენერგეტიკის, კლიმატისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილა.
ოსტინმა ხელი მოაწერა უკრაინასთან თავდაცვის ჩარჩოს, რომლის მიზანია დაეხმაროს ქვეყანას რუსული აგრესიის დაძლევაში და გააფართოოს თანამშრომლობა სადაზვერვო და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.
ბაიდენისა და ზელენსკის ოთხშაბათის მოლაპარაკებები ლიდერების პირველი პირისპირ შეხვედრაა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნენსი კუკი და დარინა კრასნოლუცკა