LIVE

Pfizer-ის მე-3 დოზა ინფიცირების რისკს ამცირებს - კვლევა

01 სექ 202116:33
3 წუთის საკითხავი
clock clock 960
Pfizer-ის მე-3 დოზა ინფიცირების რისკს ამცირებს - კვლევა
Bloomberg

დელტა შტამის ცირკულაციის პირობებში, Pfizer/BioNTech-ის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზა დამატებით დაცვას უზრუნველყოფს. ამ დასკვნამდე მივიდნენ ისრაელში, სადაც ე.წ. „ბუსტერის“ გამოყენება ივლისის შუა რიცხვებში დაიწყეს.

მაკაბის ჯანდაცვის სერვისების მონაცემების წინასწარი ანალიზის მიხედვით, ორი დოზით ვაქცინირებულებთან შედარებით, მე-3 დოზით აცრილებში ვაქცინაციის შემდეგ ერთი კვირიდან 13 დღემდე მონაკვეთში დაინფიცირების რისკი 48%-68%-ით ნაკლები იყო. დღეებთან ერთად, დაცვის ხარისხი კიდევ უფრო გაიზარდა. აცრის შემდეგ ორი კვირიდან 20 დღემდე შუალედში მე-3 დოზით აცრილებში ტესტზე პოზიტიური პასუხის ალბათობა 70-დან 80%-მდე შემცირდა.

ამ შემთხვევაში მკვლევრების მიზანი დელტა ვარიანტით ინფიცირების წინააღმდეგ მე-3 დოზის ეფექტიანობის შეფასება იყო. კვლევა გუშინ გამოქვეყნდა და მას სამეცნიერო რეცენზირება ჯერ არ გაუვლია (peer-review).

კვლევის ავტორები ასკვნიან, რომ დროთა განმავლობაში ვაქცინების ეფექტის დასუსტებისას, შესაძლოა, გამოსავალი მოკლე ვადაში მე-3 დოზით აცრა იყოს. აშშ, დიდი ბრიტანეთი და სხვა ქვეყნები უკვე გეგმავენ, რომ ადრე აცრილ ადამიანებს „ბუსტერი“ შესთავაზონ. მე-3 დოზის ეფექტის ხანგრძლივობის განსაზღვრა კი შემდგომ მონიტორინგს მოითხოვს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯეისონ გეილი