LIVE

Apple Watch-ის ახალი მოდელის გამოსვლა შესაძლოა გადავადდეს

01 სექ 202112:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 648
Apple Watch-ის ახალი მოდელის გამოსვლა შესაძლოა გადავადდეს
Bloomberg

Apple-ის მომავალი სმარტ საათების წარმოებას პრობლემები აქვს. პროდუქტის მწარმოებლები ახალ დიზაინზე მორგებას ცდილობენ, რაც სავარაუდოდ, მიწოდების შეზღუდვას ან გადაზიდვის შეფერხებას გამოიწვევს. 

Apple-ის სმარტ საათების ახალ სერიის წარდგენა, რომელსაც უფრო დიდი ეკრანი და უფრო სწრაფი პროცესორი ექნება, მომავალ რამდენიმე კვირაში იგეგმება. არ არის გამორიცხული, წარმოების შეფერხების გამო, ახალი მოდელის ბაზარზე გამოსვლა გადავადდეს.

Nikkei-ის ცნობით, პროდუქტის მწარმოებლებმა წარმოება მცირე მოცულობებით გასულ კვირას დაიწყეს, მაგრამ დამაკმაყოფილებელი პროდუქტი ჯერ ვერ მიიღეს. მოწყობილობის წარმოება ახალი მოდელის სირთულის გამო წარსულშიც გადავადებულა.

Bloomberg-ის ცნობით, წლევანდელი საათები, წინა 40 და 44 მილიმეტრიანი მოდელების შემდეგ, 41 და 45 მილიმეტრიანი ზომებით გამოვა. სავარაუდოდ, კომპანია შემოგვთავაზებს საათების მრავალ ახალ მოდელს, რომლებიც უფრო დიდი ეკრანის უპირატესობას გამოიყენებენ.

სამი წლის წინ Apple Watch Series 4-ის ზომის შეცვლის შემდეგ, ეს იქნება მეორე შემთხვევა, როდესაც კომპანია საათის ეკრანის ზომას გაზრდის.

Apple-ი ახალი ხაზით ეცდება გააგრძელოს სმარტ საათების კატეგორიის ზრდა, რაც მისი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი მიმართულებაა. კალიფორნიაში დაფუძნებულმა კომპანიამ ბოლო ფინანსური წლის განმავლობაში შემოსავლის 11%-ზე მეტი დაკავშირებული მოწყობილობების, სახლის პროდუქტების და აქსესუარების ხაზიდან მიიღო.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარკ გურმანი