LIVE

სამხრეთ აფრიკა ეჭვობს, რომ ქვეყანაში Covid-19-ის ახალი შტამი ცირკულირებს

30 აგვ 202117:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1322
სამხრეთ აფრიკა ეჭვობს, რომ ქვეყანაში Covid-19-ის ახალი შტამი ცირკულირებს

სამხრეთ აფრიკამ "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას" (WHO) განუცხადა, რომ შესაძლოა, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი ვარიანტი ცირკულირებდეს. ამის შესახებ Bloomberg-ი ადგილობრივ საინფორმაციო ვებგვერდ New Frame-ზე დაყრდნობით წერს.  

შტამი სამხრეთ აფრიკაში პირველად მაისში დააფიქსირეს. მას შემდეგ ის შვიდ ქვეყანაში, მათ შორის, აფრიკაში, აზიასა და ევროპაში აღმოაჩინეს.

ჯანდაცვის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილის, ანბან პილაის თქმით, ვარიანტი, რომელიც დღემდე C.1.2 სახელწოდებითაა ცნობილი, პოტენციურად განეკუთვნება იმ ვარიანტებს, რომლებიც მეტ დაკვირვებას იმსახურებს (VOI).

ვირუსის მუტაციას გლობალურად "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია" აკვირდება და ვარიანტებს შესაბამის სტატუსს ანიჭებს. ამჟამად ორგანიზაციას ახალი კორონავირუსის “საინტერესო ვარიანტების” (VOI) სიაში ახალი კორონავირუსის ოთხი ვარიანტი აქვს. ესენია: ეტა, იოტა, კაპა და ლამბდა.

WHO-ს მიერ „საყურადღებო ვარიანტად’’ (VOC) ამ დრომდე მიჩნეულია ალფა, ბეტა, გამა და დელტა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია