LIVE

ბიტკოინს და ეთერიუმს შედეგებით კონკურენტები უსწრებენ

30 აგვ 202113:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 940
ბიტკოინს და ეთერიუმს შედეგებით კონკურენტები უსწრებენ
Bloomberg

კრიპტოვალუტის სამყაროში, ნაკლებად ცნობილი ციფრული მონეტები კვლავ უკეთეს შედეგებს აჩვენებენ, ვიდრე ინდუსტრიის ლიდერები, ბიტკოინი და ეთერიუმი.

Cardano-ს ფასი მიმდინარე თვეში გაორმაგდა და მონეტა უკვე სიდიდით მესამე ციფრული აქტივია. ზრდა აჩვენა Binance Coin-მაც. Avalanche-ის ფასი კი აგვისტოში სამჯერ გაიზარდა. 

ანალიტიკოსებსა და ინვესტორებს შორის ფაქტობრივად არ არსებობს კონსენსუსი, თუ რა განაპირობებს ამ ბუმს. ზოგი მიიჩნევს, რომ კრიპტო მოვაჭრეები ახალ, უფრო საინტერესო მიმართულებებში გადადიან. სხვები ვარაუდობენ, რომ სამყაროს ნაღდი ფული და უპრეცენდენტოდ დაბალი საპროცენტო განაკვეთები წალეკავს, რაც საბოლოოდ უბიძგებს ინვესტორებს არასტაბილური აქტივებისკენ. ამასთან, რამდენიმე ციფრულ მონეტას ზურგს ძლიერი ნარატივი უმაგრებს. მათ შორის, მაგალითად, ტექნოლოგიური მიღწევები Cardano-სა და Solana-ს ქსელებში.

"უდავოა, რომ კრიპტოსთან მიმართებაში დაინტერესება დიდია," განმარტავს ონლაინ ბირჟის, eToro-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, იონი ასია. "ეს აშკარად ჩანს იდუსტრიის მაჩვენებლებში - ჯამურ მოცულობაში, თუ კომპანიების ზრდაში. აშკარად ვხედავთ აქსელერაციას კრიპტო ბაზარზე".

ასია შექმნილ სიტუაციას "თაობრივი შესყიდვის მომენტს" უწოდებს და რიგი ფაქტორების ერთობლიობაზე მიანიშნებს. მათ შორის, გლობალურად დაბალი საპროცენტო განაკვეთების და მასობრივი ფისკალური სტიმულის დამთხვევაზე, რის შედეგადაც პანდემიის დროს ნაღდი ფული ბევრმა ადამიანმა მიიღო. ამ ფულის გარკვეული ნაწილი სწორედ კრიპტოვალუტებზე და მსგავს აქტივებზე მიიმართა, მაგალითად ციფრული მაინერების აქციებზე. იმ ამერიკელების დაახლოებით 15%-მა, ვინც პირველი ორი მასტიმულირებელი პაკეტის ფარგლებში მიიღო ჩეკი, ფულის ნაწილი აქტივებში დააბანდა და მათმა ნახევარმა - სპეციფიკურად კრიპტოვალუტაში. სწორედ ეს აჩვენა The Harris Poll-ის მიერ Yahoo Finance-სთვის ჩატარებულმა კვლევამ, რომელმაც 1000 ამერიკელი ზრდასრული მოიცვა. 

ამასობაში, ეკონომიკური აღდგენის პარალელურად, ინფლაცია სულ უფრო მეტად მატერიალიზდება, რაც კრიპტო მოყვარულებისგან ჰიპერინფლაციის მოლოდინის შესახებ გაფრთხილებებში ვლინდება. ეს ყოველივე კი არაერთ ადამიანს უბიძგებს სხვადასხვა ტიპის საინვესტიციო შესაძლებლობების მოძიებისკენ.

EToro-ს მიერ გამოკითხული 6,000 ინვესტორიდან მეოთხედმა გამოხატა დაინტერესება კრიპტოვალუტის ფლობასთან მიმართებაში. ეს ციფრი თითქმის 50%-მდე იზრდება ახალგაზრდა ინვესტორების ჯგუფში. კომპანიამ ასევე აღმოაჩინა, რომ საშუალოსტატისტიკური ინვესტორი მოწადინებულია გაზარდოს კაპიტალდაბანდება კრიპტოვალუტაში მომდევნო თვეების განმავლობაში და ასევე ისიც, რომ ბიტკოინისა და ეთერიუმის ალტერნატივების, ანუ "ალტკოინებისადმი" ინტერესი მძლავრია.

იმავდროულად, იზრდება კრიპტოვალუტით ვაჭრობისთვის განკუთვნილი აპლიკაციების ჩამოტვირთვებიც. App Annie-ს თანახმად, Coinbase Global-ი მე-11 ადგილზეა Apple- ის iPhone-ის  ფინანსურ პროგრამების ჩამოტვირთვებს შორის. ერთი წლის წინ ეს აპლიკაცია საშუალოდ 23-ე ადგილს იკავებდა ამ კატეგორიაში. ციფრული ბირჟები Kraken-ი, Voyager-ი და Crypto.com ჩამოტვირთვებით ასევე დაწინაურდნენ ფინანსური პროგრამების კატეგორიაში. 

ივლისიდან, ციფრული აქტივების საინვესტიციო პროდუქტების მართვას დაქვემდებარებული აქტივები 57%-ზე მეტით, დაახლოებით $55 მილიარდამდე გაიზარდა. ყოველდღიური საშუალო ჯამური ვაჭრობის მოცულობა 46%-ზე მეტით გაიზარდა $544 მილიონამდე, რაც ყველაზე მკვეთრი ზრდაა მაისის შემდეგ.

დიდი ყურადღებას იპყრობს ალტკოინები, როგორიცაა Cardano, Avalanche და Dogecoin-ი.

ასევე საგულისხმოა, რომ Bloomberg Galaxy DeFi ინდექსმა, რომელიც აერთიანებს უმსხვილეს დეცენტრალიზებულ ფინანსურ პროტოკოლებს და პროგრამებს, ივლისის დასაწყისიდან დაახლოებით 50%-იანი ზრდა აჩვენა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ვილდანა ხაჯრიკი და ოლგა ხარიფი