LIVE

აშშ-ის დაზვერვა: Covid-19 ბიოლოგიურ იარაღად არ შექმნილა

28 აგვ 202117:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 1416
აშშ-ის დაზვერვა: Covid-19 ბიოლოგიურ იარაღად არ შექმნილა
Bloomberg

აშშ-ის დაზვერვის სააგენტოებმა Covid-19-ს წარმომავლობის განსაზღვრა ვერც ამჯერად შეძლეს. ახალი ანგარიშის თანახმად, აზრი ისევ ორად იყოფა და Covid-19-ის ბუნებრივი გზით გავრცელებასთან ერთად, ძალაში რჩება მისი ლაბორატორიიდან გაჟონვის ვერსია.

ქვეყნის დაზვერვის 18 სააგენტოზე დაყრდნობით მომზადებული ანგარიში, საბოლოოდ ადგენს, რომ Covid-19 არ იყო შემუშავებული, როგორც ბიოლოგიური იარაღი.

ანგარიშის არაკლასიფიცირებული ვერსიის გამოქვეყნების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ჩინეთი კორონავირუსის წარმოშობის დასადგენად გამოძიებას საჭირო ინფორმაციას არ უზიარებს.

„მსოფლიო იმსახურებს პასუხებს და მე ვერ მოვისვენებ, სანამ მათ არ მივიღებთ. პასუხისმგებელი ქვეყნები თავს არ არიდებენ დანარჩენი მსოფლიოს წინაშე ასეთ ვალდებულებებს. პანდემია არ ცნობს საერთაშორისო საზღვრებს და ჩვენ ყველას უკეთესად უნდა გვესმოდეს, თუ როგორ გაჩნდა Covid-19, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ პანდემიები“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ჩინეთი ვირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვის ვერსიას კატეგორიულად უარყოფს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის სააგენტოების ანგარიშს "ანტიმეცნიერება" უწოდა. 

Covid-19-ის წარმომავლობის შესწავლა წლის დასაწყისში დაიწყო "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ" (WHO). მის მიერ უჰანში გაგზავნილმა ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ დაავადება, სავარაუდოდ, ბაზარში გაყიდული ცხოველისგან გავრცელდა. 

კვირის დასაწყისში WHO-ს პანელმა მთავრობებს გამოძიების დაჩქარებისკენ მოუწოდა, რადგან, შესაძლოა, მალე ვირუსის წარმომავლობის შესწავლა "ბიოლოგიურად" შეუძლებელი გახდეს.