LIVE

როგორ დახარჯა მთავრობამ სარეზერვო‌ ფონდი პანდემიის‌ ‌დროს‌ - IDFI

26 აგვ 202114:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 1602
როგორ დახარჯა მთავრობამ სარეზერვო‌ ფონდი პანდემიის‌ ‌დროს‌ - IDFI

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) შეფასებით, მთავრობის სარეზერვო ფონდის განკარგვის პრაქტიკა ნაკლებად შეესაბამება როგორც კორონავირუსის პანდემიის გამოწვევებს, ასევე სარეზერვო ფონდის განკარგვის პრინციპებს.

ორგანიზაციამ 2020 და 2021 წლის საწყის 6 თვეში საქართველოს მთავრობის  სარეზერვო ფონდიდან გაწეული ხარჯები შეისწავლა. IDFI-ის ინფორმაციით, სარეზერვო ფონდის მხოლოდ 13% მოხმარდა უშუალოდ კორონავირუსთან ბრძოლას. ამასთან, სარეზერვო ფონდიდან სოლიდური თანხები გამოიყო ისეთ ღონისძიებებზე, რომელთა ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში გათვალისწინება შესაძლებელი იყო. მაგალითად, ლობისტური საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა, სამხედრო მოსამსახურეების ხელფასების ზრდა, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების დაფინანსება, არჩევნებთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება და სხვა.

კანონმდებლობით კი, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოიყოფა მხოლოდ ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფინანსებლად. აქედან გამომდინარე, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის მნიშვნელოვან წინაპირობას შესაძლებელია წარმოადგენდეს სტიქიური უბედურებები, ეპიდემიები, ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფები.

IDFI-ის თანახმად, 2020 წელს და 2021 წლის საწყის 6 თვეში მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ჯამში გამოიყო 67 მილიონი ლარი, საიდანაც დაიხარჯა 61 მილიონ ლარზე მეტი. უშუალოდ კორონავირუსთან ბრძოლის მიზნობრიობით დახარჯულია მხოლოდ 7.9 მილიონი ლარი.

მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საკვლევ პერიოდში (2020 წელი და მიმდინარე წლის 6 თვე) ყველაზე მეტი თანხა თითქმის 23 მლნ ლარი დაიხარჯა იუსტიციის სამინისტროს მიერ საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში მიმდინარე საქმეების წარმართვაზე.

6.5 მილიონი ლარი დაიხარჯა არჩევნების მეორე ტურისთვის საჭირო ღონისძიებების განსახორციელებლად, 5.6 მილიონი ლარი მთავრობის ადმინისტრაციამ დახარჯა ლობისტური საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვისთვის. 14.4 მილიონი ლარი დაიხარჯა თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებაში. დანარჩენი 4.2 მილიონი ლარი მოხმარდა სხვადასხვა მიზნებს, რომლებიც ნაკლებად კავშირშია პანდემიის გამოწვევებთან. ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ ნახევარ მილიონ ლარამდე თანხას მინიჭებული აქვს გრიფით საიდუმლო.

წყარო: IDFI

"მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კორონავირუსთან ბრძოლის მიზნობრიობით დახარჯული 7.9 მილიონი ლარიდან, ჯანდაცვის სამინისტროს გამოეყო 4 მილიონი ლარი. ჯანდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, სამინისტრომ ამ თანხიდან ყველაზე დიდი - 2.8 მილიონი ლარის ოდენობის შესყიდვა განახორციელა შპს ეროიო პროდაქშენთან, ახალი კორონავირუსით გამოწვეულ COVID ინფექციასთან დაკავშირებით სპეციალური ტანსაცმლის (კომბინიზონი, ნიღაბი, სათვალე გუგლის ტიპის BayMax S1551Q) შესყიდვის მიზნით. 271 ათასი ლარის შესყიდვა გაფორმდა შპს Made To Make-თან, ასევე სპეციალური დანიშნულების ტანსაცმლის (ბიო-ქიმიური კომბინიზონები,  მიკროფოროვანი, მაღალყელიანი ბახილი) შესასყიდად. 145 ათასი ლარი მოხმარდა COVID ინფექციასთან დაკავშირებით ხელის სადეზინფექციო ხსნარის შესყიდვას შპს ფარმასთან განხორციელებული შესყიდვის საფუძველზე, ხოლო 105 ათასი ლარი გადაირიცხა შპს GEONET EXPO-სთვის ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებით ვიზიტორის ხალათების შესყიდვის მიზნით. 96.6 ათასი ლარი გადაერიცხა შპს გრინ სისტემსს - COVID ინფექციასთან დაკავშირებით ცხელი ხაზისთვის  CISCO საკონტაქტო ცენტრის სისტემის  (მრავალწლიანი) ლიცენზიის და სატელეფონო საუბრების ჩაწერის სისტემის ერთწლიანი ლიცენზიის შესყიდვისთვის",- წერია კვლევაში.

შპს GEONET EXPO პანდემიამდე მოღვაწეობდა სამშენებლო და უძრავი ქონების სფეროში. კვლევაში წერია, რომ აღნიშნული კომპანია ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული იყო ორჯერ და ორივე  შემთხვევაში დაჯარიმდა ვადების დარღვევისთვის. ამის ფონზე 2020 წლის მაისში ჯანდაცვის სამინისტრომ ნახევარ მილიონამდე კონტრაქტი გაუფორმა გამარტივებული გზით ქირურგიული ხალათების მოწოდებისათვის.  

შპს ეროიო პროდაქშენი, რომელთანაც სარეზერვო ფონდიდან მიღებული დაფინანსების ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტრომ გააფორმა ყველაზე ძვირადღღირებული (სულ 2,8 მილიონი ლარი) ხელშეკრულებები, კვლევის მიხედვით, 2019 წელს დაფუძნდა და სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა მიღებული არ ქონდა.

რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს, რომელსაც სარეზერვო ფონდიდან ყველაზე მსხვილი დაფინანსება ხვდა წილად,  IDFI-ს თანახმად, მიმართეს ამ თანხის ფარგლებში გაწეული ხარჯების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოთხოვნით, თუმცა სამინისტროსგან პასუხი ვერ მიიღეს.

2020 წელს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 13 მილიონი ლარი გამოეყო თავდაცვის სამინისტროს წლის ბოლომდე აღებული ვალდებულებების შესრულების მიზნით. თავდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამ თანხიდან  9.7 მილიონი ლარი გაიხარჯა სამხედრო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებაზე, ხოლო 3.3 მილიონი ლარი - საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მივლინებაზე. 2021 წელს სამინისტროს  დამატებით ასევე გამოეყო 1.5 მილიონი ლარი,  საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი - 26 მაისისადმი მიძღვნილი ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსებისთვის.

გასულ წელს და მიმდინარე წლის ორ კვარტალში დახარჯული თანხების შესწავლის შემდეგ IDFI აცხადებს, რომ მნიშვნელოვან პრობლემად შესაძლებელია შეფასდეს ცალკეული უწყებების მიერ სარეზერვო ფონდიდან მიღებული დაფინანსების ფარგლებში გაწეული ხარჯების შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავის არიდება. მსგავსი ინფორმაციის დაფარვა, განსაკუთრებით პრობლემურია იმ ფონზე, როდესაც სარეზერვო ფონდიდან მიღებულ დაფინანსებაზე არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების კანონის მოქმედება და არსებობს საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი განკარგვის მაღალი რისკი.