
მას შემდეგ, რაც კონგრესმა ჯო ბაიდენი უკვე ოფიციალურად ცნო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად, ბირჟა გამოცოცხლდა და ამერიკულმა საფონდო ინდექსებმა ზრდა დაიწყეს.
S&P 500-მა 0.6%-იანი ზრდა აჩვენა ლონდონში, Nasdaq 100-მა 0.7%-ით მოიმატა, ხოლო Dow Jones-მა 0.4%-ით.
ვაშინგტონში განვითარებულმა მოვლენებმა ინვესტორების მოლოდინზე მნიშვნელოვანი გავლენა ვერ მოახდინა. კონგრესზე დემოკრატების მიერ კონტროლის მოპოვება მათთვის მაინც იმის მომასწავებელია, რომ ეკონომიკა უფრო მეტ ფისკალურ სტიმულს მიიღებს. შედეგად, ტრეიდერების ნაწილმა ტექნოლოგიური ფირმების აქციებიდან ფულის ისეთ ინდუსტრიებში გადატანა დაიწყო, რომლებიც უფრო მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე - მაგალითად ენერგომწარმოებლები, ბანკები და ტურიზმის სექტორი.
S&P 500-ში შემავალი ბანკების აქციების ჯამური ღირებულება 4.4%-ით გაიზარდა ოთხშაბათს, რაც ყველაზე მაღალი ნახტომია 9 ნოემბრის შემდეგ. მწარმოებლებისა და ენერგეტიკული კომპანიების აქციების ღირებულებას კი 3%-იანი ნამატი ჰქონდა იმ მოლოდინის გამო, რომ კაპიტალურ პროექტებზე მოთხოვნა გაიზრდება. ამ ფონზე ტექნოლოგიური ფირმების ღირებულება 1.8%-ით დაეცა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კეტრინ გრეიფელდი