
Sinovac Biotech-ის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა CoronaVac-ით აცრის შემდეგ ბელის დამბლის (სახის პარალიზების სახეობა) რისკს ზრდის, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს ვაქცინაციისგან თავის შეკავების მიზეზი. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით წერს.
„ინაქტივირებული COVID-19-ის ვაქცინის სასარგებლო და დამცავი ეფექტი ბევრად აღემატება ამ ზოგადად თვითგანკურნებადი გვერდითი მოვლენის რისკს”- აღნიშნულია კვლევაში.
კვლევაში გვხვდება ბელის დამბლის 28 კლინიკურად დადასტურებული შემთხვევა მას შემდეგ, რაც Sinovac-ის CoronaVac-ის პირველი დოზით 452 000 ადამიანი აიცრა, Pfizer/BioNtech-ით ვაქცინირებულ 537 000 ადამიანთან კი ასეთი 16 შემთხვევა გამოვლინდა.
„ჩვენი დასკვნებით, ბელის დამბლის რისკი CoronaVac ვაქცინაციის შემდეგ იზრდება”,- ნათქვამია კვლევაში.
ვაქცინაციის შემდგომ პაციენტებში ბელის დამბლის მექანიზმი გაურკვეველია. ამის დასადგენად მკვლევრები შემდგომ მოკვლევას ითხოვენ.
"ვაქცინაციის შემდეგ ბელის დამბლა იშვიათია. უმრავლესობა მსუბუქი სიმპტომებით ხასიათდება და თავისითვე გამოკეთდნენ“,- განაცხადა Sinovac-ის წარმომადგენელმა ლიუ პეიჩენგმა.
ლიუს თქმით, ბელის დამბლის რისკი ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ორგანოებს ან „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ უფსალას მონიტორინგის ცენტრს არ დაუფიქსირებია.
Sinovac-ის ვაქცინას მინიჭებული აქვს WHO-ს საგანგებო გამოყენების ავტორიზაცია. მეცნიერების შეფასებით, ვაქცინის სარგებელი შესაძლო რისკებს აღემატება, ის უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინაა.