LIVE

სუსტი იმუნიტეტის მქონე ამერიკელები ვაქცინის სამ დოზას მიიღებენ

13 აგვ 202111:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 840
სუსტი იმუნიტეტის მქონე ამერიკელები ვაქცინის სამ დოზას მიიღებენ
Bloomberg

აშშ-ის "სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ" (FDA) იმუნოკომპრომისული პირებისთვის Moderna-სა და Pfizer/BioNTech-ის Covid-19-ის ვაქცინების მესამე დოზის გამოყენება დაამტკიცა. 

სააგენტოს გადაწყვეტილება ეხება ორგანოგადანერგილ და სუსტი იმუნური სისტემის პირებს, მაგალითად, ონკოპაციენტებს, რომლებიც, ორჯერადი აცრით ანტისხეულების საკმარის დონეს ვერ გამოიმუშავებენ.

დელტა ვარიანტის გავრცლების გამო, აშშ-ში ინფიცირების ახალი შემთხვევები იმატებს. გუშინ ქვეყანაში ინფიცირების 117 000 შემთხვევა დაფიქსირდა.

"ქვეყანა პანდემიის მორიგ ტალღაში შედის და FDA აცნობიერებს, რომ იმუნოკომპრომისულ ადამიანები განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან. არსებული მონაცემების საფუძვლიანი განხილვის შემდეგ, FDA–მ დაადგინა, რომ ამ მცირე, მოწყვლად ჯგუფს შეუძლია ისარგებლოს Pfizer/BioNTech-ას ან Moderna-ს ვაქცინების მესამე დოზით", თქვა ჯანეტ ვუდკოკმა, FDA–ს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა.

FDA ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ გარკვეულ ჯგუფებს და მე-3 დოზის საყოველთაო გამოყენების ნებართვა ჯერ არ გაუცია. 

FDA-ს გადაწყვეტილებას ამყარებს ოთხშაბათს New England Journal of Medicine–ში გამოქვეყნებული კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ Moderna–ს ვაქცინის მესამე დოზამ მნიშვნელოვნად გაზარდა Covid–ის საწინააღმდეგო ანტისხეულების დონე ორგანოგადანერგილ პაციენტებში. 

Bloomberg-ი ვარაუდობს, რომ სააგენტოს გადაწყვეტილებამ შესაძლოა, კიდევ უფრო გაამწვავოს მსოფლიოში ვაქცინების უთანასწორობის საკითხი, რადგან მაშინ, როცა მსოფლიოში ქვეყნების დიდ ნაწილში მოსახლეობის 10%-იც კი არ არის ვაქცინირებული, აშშ უერთდება იმ ქვეყნების რიცხვს, რომლებიც მოსახლეობის ნაწილს მე-3 დოზა ვაქცინას სთავაზობს. 

CDC-ს მონაცემებით, იმუნოკომპრომისული პირები აშშ-ის მოსახლეობის 3%-ს შეადგენენ. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ფიონა რეზერფორდი და ელენ ჩენი