აშშ-ის წამლის მარეგულირებლები სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებისთვის Covid-19-ის ვაქცინების მესამე დოზის დამტკიცებას განიხილავენ. Bloomberg-ის წყაროს ინფორმაციით, FDA იმუნოკომპრომისული პირებისთვის Moderna-სა და Pfizer-ის ვაქცინების დამატებითი დოზების გამოყენებაზე ნებართვას დღეს გასცემს.
გადაწყვეტილების მიზეზი ახალი კვლევის შედეგებია, რომლის მიხედვითაც Moderna-ს ვაქცინის მესამე დოზამ მნიშვნელოვნად გაზარდა ანტისხეულების დონე ორგანოგადანერგილ პაციენტებში.
კვლევაში 120 ორგანოგადანერგილი პაციენტი მონაწილეობდა. მათ გამაძლიერებელი დოზა სრულად აცრიდან ორ თვეში მიიღეს. მესამე აცრიდან ერთი თვის შემდეგ, მათგან 55%-ს განუვითარდა ანტისხეულების დონე, რომელიც მნიშვნელოვან დაცვას უზრუნველყოფს.
იმ პაციენტებიდან, რომლებმაც ვაქცინის მე-3 დოზის ნაცვლად, პლაცებო მიიღეს, მხოლოდ 18%-მა აჩვენა ანტისხეულების სასურველი დონე.
ტორონტოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის ქსელის მკვლევრების დასკვნები New England Journal of Medicine-ში გუშინ გამოქვეყნდა.
მეცნიერების თქმით, ვაქცინის მწარმოებელ კომპანია Moderna-ს კვლევასთან კავშირი არ აქვს.
ორგანოგადანერგილი პაციენტები და სუსტი იმუნური სისტემის მქონე სხვა ადამიანები ვაქცინაციის პირველი კურსით ხშირად ვერ გამოიმუშავებენ საკმარის რეაქციას და ამიტომ ეს ჯგუფი “ბუსტერის” პოტენციურ მიმღებთა სიის სათავეშია.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: რობერტ ლენგრეტი და ჯოშ ვინგროვი