LIVE

CDC: ვაქცინების სარგებელი გვერდითი მოვლენების რისკს აღემატება

12 აგვ 202111:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1216
CDC: ვაქცინების სარგებელი გვერდითი მოვლენების რისკს აღემატება

შეერთებულ შტატებში გამოყენებული Covid-19-ის ვაქცინების სარგებელი აღემატება ამერიკელების მცირე რიცხვში გამოხატული სერიოზული გვერდითი მოვლენების რისკს - ასეთია აშშ-ის "დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების" (CDC) დასკვნა.  

იშვიათი ნერვული სისტემის დარღვევის, სისხლძარღვების თრომბისა და გულის ანთების რამდენიმე შემთხვევას გადაწონის ათასობით Covid-19-ის ახალი შემთხვევის პრევენცია, რომელთაგან ბევრს შესაძლოა, მძიმე განვითარება ჰქონოდა, ნათქვამია CDC-ს ანგარიშში.

ვაქცინაციის გვერდითი მოვლენების შიშით, ბევრი ამერიკელი აცრისგან თავს იკავებს. დელტა ვარიანტის გავრცელების გამო, ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, თებერვლის შემდეგ, ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.

Bloomberg-ის მონაცემებით, აშშ-ში 353 მილიონი დოზა ვაქცინა გაკეთდა. CDC-ის ანგარიშის მიხედვით, J&J-ის ვაქცინის ყოველ მილიონ აცრაზე გიიენ-ბარეს სინდრომის სახელით ცნობილი ნერვული სისტემის დაავადების 7.8 შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე რაოდენობის აცრამ თავიდან აიცილა ათასობით შემთხვევა, ჰოსპიტალიზაცია და გარდაცვალება სხვადასხვა ასაკის ადამიანებში.

მსგავსი დაბალი მაჩვენებლები დაფიქსირდა სისხლის შედედებასთან მიმართებით - თრომბოზი თრომბოციტოპენიის სინდრომით, რომელიც  დაკავშირებულია J&J-ის ვაქცინასთან.

ასევე, დაფიქსირდა გულის ანთების, მიოკარდიტის იშვიათი შემთხვევები, რომლებიც დაკავშირებულია Moderna-სა და Pfizer/BioNTech-ის ვაქცინებთან.

იმუნიზაციის პრაქტიკის მრჩეველთა კომიტეტის დასკვნების საფუძველზე, CDC აცხადებს, რომ FDA-ს მიერ დამტკიცებული Covid-19-ის ნებისმიერი ვაქცინა კვლავაც რეკომენდებულია.

"დელტა ვარიანტის გავრცელების ფონზე, ვაქცინაცია დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე", - ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, აშშ-ის "დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები" (CDC) ფეხმძიმე ქალებს მოუწოდებს, კორონავირუსის წინააღმდეგ აიცრან. 

ორგანიზაცია ორსულებს აცრას ამ დრომდეც ურჩევდა, თუმცა ამჯერად მან პოზიცია გაამყარა ახალი კვლევით, რომლითაც დადასტურდა, რომ ფეხმძიმობის 20 კვირამდე აცრის შემთხვევაში მუცლის მოშლის რისკი არ არსებობს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ფიონა რეზერფორდი