
Facebook-მა წაშალა ასობით ანგარიში, რომლებიც, რუსეთიდან მართულ ანტივაქსერული დეზინფორმაციის კამპანიაში იყვნენ ჩართული.
ქსელი ცდილობდა, გავლენიანი ადამიანები Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ ყალბი ინფორმაციის გასავრცელებლად მიეზიდა. კომპანიის განმარტებით, კამპანია ინდოეთზე, ლათინურ ამერიკასა და აშშ-ზე იყო გამიზნული.
"კოორდინირებული არაავთენტური ქცევის" შესახებ უახლეს ანგარიშში Facebook-ი აღნიშნავს, რომ ქსელი დაკავშირებულია გავლენიან მარკეტინგულ სააგენტო Fazze-თან, რომელიც რუსული კომპანიის AdNow-ის ნაწილია.
გასულ თვეს BBC-ის გამოძიებამ გაავრცელა ინფორმაცია, თუ როგორ სთავაზობდნენ ინფლუესერებს ფულს Pfizer-ის ვაქცინასთან დაკავშირებული ცრუ ინფორმაციის გასავრცელებლად.
Facebook-ის თანახმად, ეს იყო ქსელის მეორე მცდელობა, რომ შეელახა დასავლური ვაქცინების სანდოობა.
იგივე ქსელი 2020 წლის ნოემბრიდან ცდილობდა AstraZeneca-ს ვაქცინა წარმოეჩინა, როგორც საშიში პრეპარატი, რადგან მასში გამოყენებულია შიმპანზეს ადენოვირუსის მოდიფიცირებული ვერსია, რომელიც უსაფრთხოა და დიდი ხანია სხვადასხვა ვაქცინის შესაქმნელად გამოიყენება.
იმ დროს, როცა ინდოეთის მთავრობა AstraZeneca-ს ვაქცინისთვის საგანგებო ავტორიზაციის მინიჭებას განიხილავდა, ქსელი მიზანმიმართულად ავრცელებდა მიმებს, სადაც ადამიანები ჩანაცვლებულები არიან მაიმუნებით.
კამპანია აქტიურად იყენებდა Facebook-ის ყალბ ანგარიშებს, რომლებიც კომპანიის განმარტებით, შექმნილია პაკისტანსა და ბანგლადეშში.
უმსხვილესი სოციალური ქსელის განცხადებით, გარე ჩარევის წინააღმდეგ მისი პოლიტიკის დარღვევის გამო, Facebook-ზე 65, ხოლო Instagram-ზე 243 ყალბი ანგარიში წაიშალა.
Facebook-ის გარდა, დეზინფორმაციის გასავრცელებლად, ქსელი ასევე იყენებდა Reddit-ს და Medium–ს, ხოლო AstraZeneca-ს ვაქცინის უსაფრთხოების შესახებ პეტიციები გამოჩნდა change.org-ზე.
Facebook-ის ანგარიშის მიხედვით, ბმულებს ინფლუენსერები Instagram-ზე იმავე ჰეშთეგების გამოყენებით აზიარებდნენ.
სოციალური ქსელის ადმინისტრაციის შეფასებით, დეზინფორმაციის ორივე ტალღა წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენების მიუხედავად, საზოგადოებისთვის მიმზიდველი არ გახდა.
BBC წერს, რომ AdNow-ს მოსკოვის მთავარი ოფისიდან კომენტარი ვერ მოიპოვა, თუმცა ბრიტანეთში კომპანიის დირექტორის თქმით, Fazze დაიხურა.
Facebook-ის თქმით, Fazze მის პლატფორმაზე დაიბლოკა.