LIVE

მზისგან დამცავ საშუალებებში კიდევ ერთი კანცეროგენი აღმოაჩინეს

10 აგვ 202116:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 1115
მზისგან დამცავ საშუალებებში კიდევ ერთი კანცეროგენი აღმოაჩინეს
Bloomberg

მკვლევარებმა აშშ-ს მარეგულირებელ ორგანოებს ისეთი მზისგან დამცავი საშუალებების ბრენდების გაყიდვიდან ამოღება სთხოვეს, როგორიცაა Coppertone, Banana Boat და Neutrogena. მკვლევარების ჯგუფი აცხადებს, რომ მათ ამ პროდუქტებში პოტენციური კანცეროგენის არსებობის მტკიცებულება აღმოაჩინეს.

სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას (FDA), Haereticus Environmental Laboratory-ის მკვლევარებმა მიმართეს, რომ გაყიდვიდან ამოიღონ ყველა მზისგან დამცავი კრემი, რომელიც აქტიურ ინგრედიენტს, ოქტოკრილენს შეიცავს. ქიმიკატებით დამზადებული პროდუქცია ასევე შეიძლება შეიცავდეს ბენზოფენონს, სავარაუდო კანცეროგენს, რომელსაც შეუძლია ხელი შეუშალოს ძირითადი ჰორმონებისა და რეპროდუქციული ორგანოების ფუნქციონირებას.

სავაჭრო ჯგუფმა ანგარიშს შეცდომაში შემყვანი უწოდეს.

ოქტოკრილენით თითქმის 2400 მზისგან დამცავი პროდუქტია დამზადებული. პეტიციის ავტორი, კრეგ დაუნსი აცხადებს, რომ ცნობილი არ არის ამ პროდუქტების უსაფრთხოება.

"FDA-მ არ იცის რამდენად უსაფრთხოა ისინი და არაგონივრულია, რომ FDA-მ დაუშვას ის, რაც არ ვიცით, უსაფრთხოა თუ არა",- ამბობს დაუნსი.

მზისგან დამცავი საშუალებების გარშემო შეშფოთება 2019 წელს დაიწყო, როდესაც FDA-მ მწარმოებლებს ქიმიური ინგრედიენტების უსაფრთხოების შესახებ მონაცემები მოსთხოვა, მათ შორის ოქტოკრილენის შესახებ. მაისში, დამოუკიდებელმა ტესტირების ლაბორატორიამ რამდენიმე პროდუქტში კიდევ ერთი სავარაუდო კანცეროგენი ბენზოლი აღმოაჩინა, რამაც ზოგიერთი პროდუქტის გაყიდვიდან ამოღება გამოიწვია.

პარიზში დაფუძნებული სორბონის უნივერსიტეტის მკვლევარებთან ერთად, დაუნსმა და ჯო დინარდომ, ტოქსიკოლოგმა, რომელიც ადრე კოსმეტიკის ინდუსტრიაში მუშაობდა, საფრანგეთსა და აშშ-ში შეძენილი 16 ოქტოკრილენზე დაფუძნებული მზისგან დამცავი კრემი გამოსცადეს. მათ შორის Care Co-ს Banana Boat SPF 50 ლოსიონი, Neutrogena Beach Defense სპრეი და Johnson&Johnson-ის ლოსიონი. ბენზოფენონი ყველა მათგანში აღმოჩნდა.

ცხოველებზე ჩატარებული კვლევების საფუძველზე, "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" (WHO) კიბოს კვლევის ჯგუფი ბენზოფენონს აკლასიფიცირებს, როგორც შესაძლო კანცეროგენს. ჟენევაში დაფუძნებული სააგენტოს ცნობით, ბენზოფენონის ადამიანებში კიბოსთან პოტენციური კავშირის შესახებ მონაცემები არ იყო ხელმისაწვდომი.

თუმცა, WHO-ს თანახმად, კვლევებმა აჩვენა, რომ ბენზოფენონს შეუძლია ხელი შეუშალოს ესტროგენს. ჰორმონი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქალების ჯანმრთელობაში და მისმა დარღვევამ შეიძლება, ადრეული პუბერტატი და რეპროდუქციული ორგანოების ფუნქციონირების შეცვლაც კი გამოიწვიოს.

ინდუსტრიაზე ზეწოლა შესაძლოა, მომავალ წელსაც გაგრძელდეს. აშშ-ის მეცნიერებათა, ინჟინერიისა და მედიცინის ეროვნული აკადემიები, რომელიც ექსპერტების მიერ საკვანძო და სადავო საკითხების შესასწავლად იკრიბება, სავარაუდოდ, წარადგენს მოხსენებას მზისგან დამცავი საშუალებების შესახებ. ხუთშაბათს, ეროვნული აკადემიების ჯგუფმა ასევე მოისმინა პრეზენტაცია კვლევის შესახებ, რომელიც მზისგან დამცავ საშუალებებში ბენზოფენონებს ენდომეტრიოზთან აკავშირებს. ეს მდგომარეობაა, რომლის დროსაც ქსოვილი, რომელიც ჩვეულებრივ იზრდება ქალის საშვილოსნოში, წარმოიქმნება ორგანოს გარეთ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ანა ედნი