LIVE

აშშ-ის არმიის წევრებისთვის აცრა სავალდებულო გახდება

10 აგვ 202113:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1010
აშშ-ის არმიის წევრებისთვის აცრა სავალდებულო გახდება
Carl Court | Getty Images

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი 15 სექტემბრისთვის არმიის წევრების ვაქცინაციას სავალდებულოს გახდის. გადაწყვეტილების მიზეზი უაღრესად გადამდები დელტა ვარიანტის გლობალური გავრცელებაა. ამის შესახებ თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.  

“მინდა, იცოდეთ, მე ვითხოვ პრეზიდენტის თანხმობას, რომ  ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს არა უგვიანეს სექტემბრის შუა რიცხვისთვის, ან მყისიერად, როგორც კი მას აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია (FDA) დაამტკიცებს, რომელიც უფრო ადრე იქნება”,- ამბობს ოსტინი თანამშრომლებისადმი მიმართვაში და დასძენს, რომ ინფიცირების შემთხვევების სწრაფმა ზრდამ შესაძლოა, გავლენა იქონიოს მათ მზადყოფნაზე.  

ოსტინის განცხადებას წინ უძღოდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მოთხოვნა, რომ ყველა ფედერალურ თანამშრომელს გაეკეთებინა ვაქცინა ან ჩაეტარებინა ყოველკვირეული ტესტირება. 

თეთრი სახლი ადასტურებს, რომ პრეზიდენტი ოსტინის მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

"მდივანი ოსტინი და მე ვიზიარებთ მტკიცე ვალდებულებას ჩვენი ჯარები უზრუნველვყოთ ყველა ინსტრუმენტით, რაც მათ სჭირდებათ იმისათვის, რომ მაქსიმალურად უსაფრთხოდ შეასრულონ თავისი საქმე. ეს ვაქცინები გადაარჩენს სიცოცხლეს. წერტილი”,- ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ბაიდენის ხელმოწერილ წერილში.

თავდაცვის დეპარტამენტს 2.91 მილიონი თანამშრომელი ჰყავს, მათ შორის 1.35 მილიონი მოქმედი სამხედრო პირია.

პენტაგონის მონაცემებით, მილიონზე მეტი სამხედრო და თავდაცვის დეპარტამენტის 297 565 სამოქალაქო თანამშრომელი სრულად აცრილია.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტრევის ტრიტენი