LIVE

ინფლაცია კომუნალური გადასახადების სუბსიდირებამ შეანელა

06 იან 202101:12
3 წუთის საკითხავი
clock clock 450
ინფლაცია კომუნალური გადასახადების სუბსიდირებამ შეანელა

Galt & Taggart-ის შეფასებით, დეკემბერში დეფლაცია მთავრობის მიერ კომუნალური გადასახადების სუბსიდირებამ განაპირობა და სწორედ ამის შედეგი იყო თვიური ინფლაციის უარყოფითი მაჩვენებელი (-1.0%), ხოლო წლიური ინფლაცია - 2.4%. მაშინ როცა, ეროვნული ბანკის პროგნოზით მეოთხე კვარტლის ინფლაციის ჯამური მაჩვენებელი 3%-იან ნიშნულს უნდა აჭარბებდეს, ხოლო თავად საინვესტიციო ბანკის მოლოდინი სამომხმარებლო ფასების ზრდასთან დაკავშირებით, წლის ბოლოსთვის 4% იყო. 

"მოსალოდნელზე დაბალი ინფლაციის დონის მიზეზი დეკემბერში მთავრობის მიერ სუბსიდირებული კომუნალური გადასახადებია. საბაზო ინფლაცია (საკვების და ენერგომატარებლების ფასის გამოკლებით) კვლავ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება (5.3%)," ნათქვამია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.

საქსტატის თანახმად, ჯგუფში - საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - ფსაების 21,7%-იანი ფასების კლება დაფიქსირდა  რაც -1.94 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. 

საინვესტიციო ბანკი ელის, რომ მთავრობის მიერ მოსახლეობის კომუნალური გადასახადების სუბსიდირება შემდეგ თვეებშიც აისახება ინფლაციის დონეზე კლების მიმართულებით. თუმცა, მეორე მხრივ, კომერციული მომხმარებლებისთვის ელექტრო ენერგიის ტარიფის მკვეთრი ზრდა თავისთავად გამოიწვევს პროდუქციის გაძვირებასაც, რაც საბოლოოდ ინფლაციაზე აისახება. კომპანია ეკონომიკის გაჯანსაღებას მიმდინარე წლის მეორე კვარტლიდან ვარაუდობს, ხოლო ინფლაციას 4.5%-ზე ელის.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას, G&T-ს ვარაუდით ამისი მოლოდინი ბაზარს უფრო მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან უნდა ჰქონდეს, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ტურიზმი აღდგება და ლარი დოლართან 3.1 ნიშნულზე გამყარდება.