LIVE

კრემლმა გერმანიის მწვანეთა კანდიდატი მიზანში ანტი-მოსკოვური პოზიციის გამო ამოიღო

29 ივლ 202121:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 537
კრემლმა გერმანიის მწვანეთა კანდიდატი მიზანში ანტი-მოსკოვური პოზიციის გამო ამოიღო
Liesa Johannssen-Koppitz/Bloomberg

გერმანიის მწვანეთა პარტიის კანცლერობის კანდიდატი, ანალენა ბაერბოკი რუსეთის მიმართ მკაცრი პოზიციის გამო, კრემლის ყურადღებას იპყრობს.

განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს მისი პროტესტი გერმანიასა და რუსეთს შორის Nord Stream 2-ის გაზსადენის შესახებ. რუსეთის მთავრობასთან დაახლოებულმა პირმა განაცხადა, რომ კრემლი მზად იქნება გააკეთოს ყველაფერი, რათა ხელი შეუშალოს ბაერბოკის ხელისუფლებაში მოსვლას.

მწვანეებმა უკვე გააფრთხილეს გერმანიის უშიშროების ძალები კიბერშეტევების ზრდის შესახებ, თუმცა არ აქვთ მასში კრემლის მონაწილეობის მტკიცებულება. ყალბი ამბებისა და სოციალურ ქსელებში ცილისწამების სამიზნე გახდა თავად ბაერბოკიც.

გერმანია რუსეთისთვის მთავარი პარტნიორია ევროპაში. კრემლი მას კონტინენტზე აშშ-ის დომინანტური გავლენის წინააღმდეგობად მიიჩნევს, ხოლო კანცლერი ანგელა მერკელი ამ განტოლების გადამწყვეტი ნაწილია. მან დაიცვა Nord Stream 2-ის პროექტი, მიუხედავად აშშ-ს თანმიმდევრული წინააღმდეგობისა და მოსკოვთან დაძაბულობისა ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და ბერლინის პარკში რუსეთის მოქალაქეების მკვლელობის გამო.

ზეწოლის მიუხედავად, ანალენა ბაერბოკი უკომპრომისო პოზიციას იკავებს.

“ჩვენ არ გვჭირდება ეს მილსადენი კლიმატის პოლიტიკასთან და რა თქმა უნდა, ევროპულ პოლიტიკასთან დაკავშირებული მიზეზების გამო. თქვენ უნდა გქონდეთ მკაფიო პოზიცია - თქვათ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ მის დასრულებას”,- თქვა მან ოთხშაბათს მედია ფორუმზე.

კრემლი შიშობს, რომ ბერბოკის გამარჯვება სერიოზულ დარტყმას მიაყენებს რუსეთის გლობალურ ინტერესებს, გაანადგურებს მის კავშირებს გერმანიასთან და დიდ გამარჯვებას მოუტანს შეერთებულ შტატებს.

რუსეთის ოფიციალური პირები დარწმუნებულნი არიან, რომ საკმარისი ინფორმაცია აქვთ ბერბოკისთვის ზიანის მიყენებისთვის. ამის შესახებ კრემლთან დაახლოებულმა კიდევ ერთმა ადამიანმა განუცხადა Bloomberg-ს.

გერმანიის კონტრდაზვერვამ გააფრთხილა უშუალოდ კიბერსაფრთხის შესახებ, რომელიც რუსეთიდან მოდის 26 სექტემბრის არჩევნების წინ, მათ შორის ისეთი ჯგუფებისგან, როგორიცაა APT 28, რომელიც ცნობილია Fancy Bear-ი სახელით და რუსეთის სამხედრო დაზვერვას უკავშირდება. კონსტიტუციის დაცვის ფედერალური ოფისის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, გერმანიაში სახელმწიფო და პოლიტიკურ სტრუქტურებს მოსკოვისგან “ფუნდამენტურად გაზრდილი რისკის პოტენციალი” ემუქრება.

ბაერბოკის წინააღმდეგ ასევე დაიწყო დეზინფორმაციის კამპანიები. Facebook-ზე გავრცელდა ყალბი ინფორმაცია, რომლის თანახმად, ბაერბოკი “ქვრივის პენსიის” გაუქმებას ლტოლვილთა დახმარების დაფინანსების მიზნით აპირებს. Correctiv-მა მაისში გამოაცხადა, რომ პოსტი მთელი დღის განმავლობაში 2800-ჯერ იყო განთავსებული.

Spiegel-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ბარბოკი და მწვანეები გაცილებით მეტ თავდასხმას განიცდიან სოციალურ მედიაში, ვიდრე ქრისტიან-დემოკრატები ან მერკელის სოციალ-დემოკრატები. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული შეტყობინებების ნიმუშზე დაყრდნობით, რომელსაც სიძულვილის ენა უწოდეს, Spiegel-მა აღმოაჩინა ბერბოკის საწინააღმდეგო 63000 პოსტი, რაც სამჯერ მეტია, ვიდრე CDU-ს კანდიდატის, არმინ ლაშეტის შესახებ პოსტები. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: პატიკ დონაჰიუ და ჰენრი მეიერი