LIVE

საქართველოში ცემენტის იმპორტი 48%-ით გაიზარდა

28 ივლ 202119:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1413
საქართველოში ცემენტის იმპორტი 48%-ით გაიზარდა

საქართველოში ცემენტის იმპორტი 47.5%-ით გაიზარდა, ხოლო ე.წ. არმატურის 35.6%-ით შემცირდა. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ "საქსტატიდან" აცნობეს, მიმდინარე წლის ექვს თვეში საქართველომ $16.4 მილიონის 338.2 ათასი ტონა ცემენტი შეიძინა. 2020 წელს ცემენტის იმპორტმა 229.3 ტონა და $15.7 მილიონი დოლარი შეადგინა.

ცემენტის ყველაზე მსხვილი იმპორტიორი წელს, ისევე როგორც გასულ წელს, აზერბაიჯანია ($11.2 მლნ. 253.3 ათასი ტონა). 84.5 ათასი ტონის და $4.8 მილიონის იმპორტი განხორციელდა თურქეთიდან. სულ 8.5 ათასი ტონის იმპორტი განხორციელდა რუსეთიდან და ის მესამეა მსხვილ საიმპორტო პარტნიორებში. ამასთან, ცემენტის იმპორტი ხორციელდება გერმანიიდან (1.5 ათასი ტონა) და ბელგიიდან (0,2 ათასი ტონა).

რაც შეეხება ე.წ. არმატურას (ნახშირბადიანი ფოლადის წნელები). 2021 წელს საქართველომ $21.1 მილიონის 34.9 ათასი ტონა ე.წ. არმატურა შეიძინა, რაც 35.6 %-ით ნაკლებია 2020 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებლებზე ( $23,8 მილიონი, 54.2 ათასი ტონა). მთავარი იმპორტიორი $8.9 მილიონით და 14.4 ათასი ტონით ამ შემთხვევაშიც აზერბაიჯანია. მსხვილი იმპორტიორების სამეულშია უკრაინა ($7.8 მილიონი. 13.4 ათასი ტონა) და რუსეთი ($2.5 მილიონ. 4.5 ათასი ტონა).

აღსანიშნავია, რომ ნახშირბადიანი ფოლადის წნელებს, ანუ ე.წ. არმატურას საქართველოც ყიდის. მიმდინარე წელს საქართველომ თურქმენეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთში და ინდოეთში $908.6 ათასის 1.4 ათასი ტონა ე.წ. არმატურა გაყიდა.

შეგახსენებთ, რომ "საქსტატის" მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი 8.7%-ით, ხოლო სამშენებლო მასალების ფასები 15.9%-ით გაიზარდა.