LIVE

ერაყში აშშ-ის საბრძოლო მისია წლის ბოლოს დასრულდება

27 ივლ 202112:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1072
ერაყში აშშ-ის საბრძოლო მისია წლის ბოლოს დასრულდება
John Moore/Getty Images

ერაყში ამერიკის შეერთებული შტატების საბრძოლო მისია წლის ბოლოს დასრულდება, თუმცა აშშ ძალებს ადგილზე კვლავ შეინარჩუნებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და ერაყის პრემიერ-მინისტრის, მუსტაფა ალ-კამიდის შეხვედრის დროს გახდა ცნობილი.

კითხვაზე, შემცირდება თუ არა ერაყში აშშ-ის ჯარების რაოდენობა, თეთრი სახლის სპიკერმა ჯენ ფსაკიმ მხოლოდ ის თქვა, რომ “ყველაზე მნიშვნელოვანი არის მისიის შეცვლა და მისია ერაყში იცვლება”.

მეტწილად სიმბოლური განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-ის ჯარები ეტაპობრივად გადავიდნენ საკონსულტაციო და სასწავლო როლში. სავარაუდოდ, გეგმა ლიდერების შეხვედრის შემდეგ კომუნიკეში გამოქვეყნდება.

ერაყის პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის ჯარი იღებს პასუხისმგებლობას ისლამური სახელმწიფოს ბოევიკებთან საბრძოლველად, მაგრამ მათ კვლავ სჭირდებათ ტრენინგი და სადაზვერვო დახმარება. ერაყს არ სურს იყოს კონფლიქტის არენა აშშ-სა და ირანს შორის და მუშაობს ორივე მხარესთან.

საბრძოლო მისია სრულდება იმ ფონზე, როდესაც ბაიდენს ავღანეთიდან ჯარი გაჰყავს, ხოლო ერაყის ლიდერები ზეწოლას განიცდიან შიიტური ჯგუფების მხრიდან, რომელთაც სურთ დარჩენილმა 2500-მა ამერიკელმა სამხედრომ დატოვოს ქვეყანა. ირანელთა მხარდაჭერილმა მებრძოლებმა დაიწყეს სარაკეტო იერიშები აშშ-ის ჯარების მასპინძელ სამხედრო ბაზებზე.

ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს $1 მილიარდი სთხოვა, რათა ავღანელები, რომლებიც ამერიკულ ძალებს ეხმარებოდნენ 20-წლიანი ომის დროს, აშშ-ში ჩაიყვანონ. იმ ავღანელთა ბედი, რომლებიც ავღანეთში ამერიკულ ჯარებს ეხმარებოდნენ, უფრო აქტუალური გახდა, რადგან თალიბანის ბოევიკებმა ძალაუფლებაში დაბრუნების იმპულსი მიიღეს. ამერიკული ძალების გაყვანის პროცესის დასრულების შემდეგ, შიშობენ, რომ ყველა, ვინც მათთან მუშაობდა ხანგრძლივი კონფლიქტის დროს, შეიძლება თალიბების შურისძიების ობიექტად იქცეს.

აშშ ერაყიდან 2011 წელს გამოვიდა, მაგრამ 2014 წელს დაბრუნდა მას შემდეგ, რაც ისლამური სახელმწიფოს ტერორისტები ერაყისა და სირიის დიდ ნაწილში აღზევდნენ. ცოტა ხნის წინ, ერაყი გახდა ბრძოლის ველი ვაშინგტონსა და თეირანს შორის მას შემდეგ, რაც ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გავიდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯენიფერ ეპშტეინი და პიტერ მარტინი