
საფრანგეთის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, ემანუელ მაკრონის ტელეფონს მაროკოს სახელით ისრაელის NSO ჯგუფის მიერ შემუშავებული ჯაშუშური მოწყობილობით უსმენდნენ.
France Info-ს ინფორმაციით, მაროკოს მონიტორინგის სააგენტომ 2019 წელს პეგასუსის ჯაშუშურ პროგრამას დაამატა საფრანგეთის პრეზიდენტის ტელეფონის ნომერი, რათა მის პირად საუბრებზე წვდომა მიეღო.
როგორც Amnesty International იტყობინება, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი იმ 14 ყოფილ ან ამჟამინდელ სახელმწიფოთა მეთაურთა სიის სათავეშია, რომლებიც შესაძლოა ისრაელის ცნობილი ჯაშუშური კომპანიის, NSO Group-ის მომხმარებლების სამიზნეები იყვნენ.
სამიზნეებს შორის არიან პოლიტიკოსები და სახელმწიფოთა მეთაურები, ბიზნესის აღმასრულებლები, აქტივისტები და არაბული სამეფო ოჯახის რამდენიმე წევრი. 180-ზე მეტი ჟურნალისტი ასევე აღმოჩნდა ამ სიაში ისეთი მედია ორგანიზაციებიდან, როგორებიცაა CNN, New York Times და Al Jazeera.
NSO აცხადებს, რომ პროგრამა განკუთვნილია კრიმინალებისა და ტერორისტების წინააღმდეგ და ხელმისაწვდომია მხოლოდ სამხედრო, სამართალდამცავი და სადაზვერვო უწყებებისთვის, ხოლო Amnesty International-ის დასკვნას “ცრუ ვარაუდებითა და დაუზუსტებელი თეორიებით” სავსე უწოდა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ანია ნუსბაუმი