LIVE

Reuters: გერმანია და აშშ "ნორდ სტრიმ 2"-ზე შეთანხმებას გამოაცხადებენ

20 ივლ 202118:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 921
Reuters: გერმანია და აშშ "ნორდ სტრიმ 2"-ზე შეთანხმებას გამოაცხადებენ

Reuters წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მოსალოდნელია პროექტ “ნორდ სტრიმ 2”-ზე გერმანიამ და აშშ-მა შეთანხმება უახლოეს დღეები გამოაცხადონ. 11 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტი წლებია ორ ქვეყანას შორის დაპირისპირების საგანია.

სააგენტოს წყარო უყვება, რომ შეთანხმებით ორივე მხარე ვალდებულებას იღებს გაზარდოს უკრაინის ენერგეტიკის ტრანსფორმაციაში, ეფექტურობასა და უსაფრთხოებაში ინვესტიციები. 

"შეთანხმება კარგად გამოიყურება",- ამბობს წყარო, რომლის ვინაობასაც სააგენტო არ ასაჯაროებს, რადგან შეთანხმებაზე მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს. 

Reuters ასევე წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერს შორის გასულ კვირას გამართულ შეხვედრაზე “ნორდ სტრიმ 2”-ის პროექტზე პოზიციების თანხვედრა ვერ მოხდა და მხარეები მხოლოდ იმაზე შეთანხმდნენ, რომ რუსეთს არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა ენერგეტიკა მეზობლების წინააღმდეგ პოლიტიკურ იარაღად გამოიყენოს. 

98%-ით დასრულებული პროექტი ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულებას ზრდის და უკრაინას გაზის ტრანზიტის საფასურის გარეშე ტოვებს.

“ნორდ სტრიმ 2” გაზსადენია, რომელმაც ბალტიის ზღვის გავლით გერმანიას რუსეთიდან გაზი უნდა მიაწოდოს. გეგმით, უკვე აშენებულ “ნორდ სტრიმთან” ერთად, გერმანიას წელიწადში 110 მილიარდი კუბური მეტრი გაზი უნდა მიეწოდოს.