LIVE

ტაილანდი ჯანდაცვის მუშაკებს გამაძლიერებელ დოზას შესთავაზებს

19 ივლ 202122:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 984
ტაილანდი ჯანდაცვის მუშაკებს გამაძლიერებელ დოზას შესთავაზებს

კორონავირუსის დელტა შტამის გავრცელების გამო, ტაილანდი მსოფლიოში პირველად, მოსახლეობას Sinovac Biotech-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინების კომბინაციას შესთავაზებს. 

პირებს, რომლებსაც პირველ დოზად ჩინური Sinovac Biotech-ის ვაქცინა აქვთ მიღებული, ვაქცინაციიდან სამ-ოთხ კვირაში ბრიტანულ-შვედური AstraZeneca-ს ვაქცინით აცრა შეუძლიათ. 

გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გახდა ადგილობრივი კვლევები, რომლებიც აჩვენებს, რომ Sinovac-ის დოზის მიღებიდან სამ კვირაში AstraZeneca-თი აცრა იმავე ეფექტს იძლევა, რასაც 12 კვირით დაშორებული ორი დოზა AstraZeneca. 

ერთ-ერთი კვლევის წინასწარი შედეგების მიხედვით, Sinovac-ით სრულად ვაქცინირებასთან შედარებით, სამი-ოთხი კვირის ინტერვალით Sinovac-ისა და AstraZeneca-ს დოზების კომბინაციით აცრა იმუნურ რეაქციას რვაჯერ ზრდის. 

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ" (WHO) ვაქცინების კომბინაციას "სახიფათო ტრენდი" უწოდა, თუმცა მოგვიანებით გავრცელებული განმარტებით დააზუსტა, რომ დოზების შერევის უფლება მხოლოდ ჯანდაცვის უწყებებს აქვთ. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მოქალაქეების მიერ ვაქცინების კომბინაციის არჩევა სახიფათოა და ის ქაოსს გამოიწვევს. WHO ადასტურებს, რომ ტაილანდის გეგმის წინააღმდეგი არ არის. 

ტაილანდი იმედოვნებს, რომ კომბინაცია გააუმჯობესებს ეპიდვითარებას, რომელიც დელტა შტამის გავრცელების გამო, დამძიმდა. Sinovac-ით სრულად ვაქცინირებულ სამედიცინო პერსონალში ინფიცირების შემთხვევებმა იმატა.

ჯანდაცვის მუშაკების იმუნური რეაქციის გასაზრდელად, ტაილანდი ვაქცინირებულ პერსონალს მესამე, ე.წ. გამაძლიერებელ დოზად Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინებს შესთავაზებს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რენდი თანტონგ-რაინდი