LIVE

თბილისში სამორინეების მოწყობის მოსაკრებელი ნახევრდება

16 ივლ 202113:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 1084
თბილისში სამორინეების მოწყობის მოსაკრებელი ნახევრდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისში სამორინეს მოწყობის მოსაკრებელი ერთი წლის განმავლობაში, 5 მლნ ლარის ნაცვლად, 2.5 მლნ ლარი იქნება. პრემიერის 13 ივლისის დადგენილებითთბილისში 5 ივლისიდან 2022 წლის 1 იანვრამდე გაცემული სამორინეს მოწყობის ნებართვის პირველი წლის მოსაკრებელი 2.5 მლნ ლარი იქნება.

"თბილისის ტერიტორიაზე 2021 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 5 ივლისამდე გაცემული სამორინეს მოწყობის ნებართვისათვის პირველი წლის მომდევნო წლის სანებართვო მოსაკრებელი განისაზღვროს 2 500 000 ლარის ოდენობით,"- წერია პრემიერის დადგენილებაში.

პრემიერის დადგენილებას ეხმაურება ფინანსთა სამინისტრო და განმარტავს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია ერთჯერადად და მიზნად ისახავს პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების გამო თბილისში მოქმედ სამორინეებში წარმოქმნილი ეკონომიკური სიძნელეების დაძლევას. 

უწყების ცნობითვე, 2020 წლის 21 მარტიდან სამორინეებს შეზღუდული ჰქონდათ საქმიანობა და მუშაობის განახლების შესაძლებლობა მათ 2021 წლის 1-ლი აპრილიდან მიეცათ, თუმცა მიუხედავად ამისა, დღემდე ვერ შეძლეს ფუნქციონირების დაწყება.

ამას გარდა, სამინისტროში აცხადებენ, რომ გასული წლის 21 მარტის მდგომარეობით, თბილისში მოქმედ სამორინეებს კანონმდებლობის შესაბამისად, წინასწარ ჰქონდათ გადახდილი სანებართვო მოსაკრებელი 5 მლნ ლარის ოდენობით.

"აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ მათთვის მიიღო ერთჯერადი გადაწყვეტილება. კერძოდ, თბილისში იმ სამორინეებისთვის, რომლებიც ნებართვას აიღებენ 2021 წლის 5 ივლისიდან 2022 წლის 1-ელ იანვრამდე, წელს სანებართვო მოსაკრებელი იქნება 2 500 000 ლარი. გარდა ამისა, 2022 წელს 2 500 000 ლარს გადაიხდიან თბილისში მოქმედი ის სამონირეები, რომელთაც სამორინეს მოწყობის ნებართვა აღებული აქვთ 2021 წლის 1-ლი იანვრიდან 2021 წლის 5 ივლისამდე.

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ეს ერთჯერადი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება თბილისში მოქმედ ყველა სამორინეს და რომელიც ყველა სამორინესთან მიმართებით ვრცელდება, მხოლოდ ერთი წლის სანებართვო მოსაკრებელზე (ნებართვები გაიცემა 5 წლის ვადით), დაეხმარება სექტორს საქმიანობს განახლებაში.

აქვე განვმარტავთ, რომ იმ პირებისთვის, რომლებიც წელს ისარგებლებენ მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილებით (ნებართვას აიღებენ 2021 წლის 5 ივლისიდან 2022 წლის 1-ელ იანვრამდე) 2022 წელს სამორინეს მოწყობისათვის სანებართვო მოსაკრებელი კვლავ 5 მლნ ლარი იქნება,"- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ კანონის თანახმადსაქართველოს მთელ ტერიტორიაზე სანებართვო მოსაკრებლი (გარდა ბათუმის, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიისა, გუდაურის განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიისა, დაბა ბაკურიანის ტერიტორიისა, აგრეთვე ქობულეთის, ბორჯომის, წყალტუბოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებისა) წელიწადში 5 მლნ ლარი იყო. 

ბათუმში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, ქობულეთისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში მოსაკრებელი წელიწადში 250 000 ლარია.