
დასავლეთ ევროპაში უხვი ნალექის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ გერმანიაში სულ მცირე 19 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაკარგულია 10-ზე მეტი ადამიანი.
ხელისუფლების ინფორმაციით, რვა ადამიანი დაიღუპა ბონის სამხრეთით, ეუსკირხენის რაიონში. ბელგიაში ორი ადამიანი დაიღუპა და გაუჩინარებულია 15 წლის გოგონა. ოთხი ადამიანი გარდაიცვალა და 70 გაუჩინარდა ახრვაილერის ღვინის ცენტრთან.
პოლიციას სამაშველო ოპერაციაში ასობით ჯარისკაცი ეხმარება, ტანკებით ასუფთავებენ მეწყერითა და წაქცეული ხეებით ჩახერგილ გზებს, ხოლო ვერტმფრენებით სახურავებზე დარჩენილი ადამიანები გამოჰყავთ.
წვიმამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მნიშვნელოვანი შეფერხებებიც გამოიწვია. გაუქმდა Thalys-ის ჩქაროსნული მატარებლების რეისები გერმანიაში.
ნიდერლანდებში, ლიმბურგში, სადაც რამდენიმე მოხუცთა თავშესაფარია, დაზიანებულია სახლები.
კანცლერმა ანგელა მერკელმა, სტიქიის გამო, შეშფოთება გამოთქვა.
"შოკირებული ვარ სტიქიით. თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებს", - განაცხადა მერკელმა.