LIVE

ბუში: მერკელთან “ყველაზე დიდი უთანხმოება” საქართველოს NATO-ში გაწევრიანების საკითხს უკავშირდება

15 ივლ 202114:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1156
ბუში: მერკელთან “ყველაზე დიდი უთანხმოება” საქართველოს NATO-ში გაწევრიანების საკითხს უკავშირდება
Deutsche Welle

Deutsche Welle-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ურთიერთობას იხსენებს.

ჯორჯ ბუში ამბობს, რომ მერკელთან “ყველაზე დიდი უთანხმოება” საქართველოს NATO-ში გაწევრიანების საკითხს უკავშირდება.

“ყველაზე დიდი უთანხმოება მერკელთან იყო, ალბათ, საქართველოს NATO-ში წევრობის განაცხადის პროცესი”, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

მერკელს "მტკიცედ სჯეროდა, რომ ეს არასწორი ნაბიჯი იქნებოდა. მე კი ვფიქრობდი, რომ სწორი იქნებოდა. მაგრამ ჩვენ ამის მოგვარება პირადი უთანხმოების გარეშე შევძელით, რადგან პოლიტიკაზე წინ მეგობრობა იდგა", ამბობს ბუში. 

ბუშის თქმით, მერკელმა ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობას შესძინა კლასი, ღირსება და მიიღო ძალიან რთული გადაწყვეტილებები.

"მან გააკეთა ის, რაც საუკეთესო იყო გერმანიისთვის და ეს გააკეთა პრინციპების საფუძველზე. ის თანაგრძნობადი ლიდერია, ქალი, რომელსაც ხელმძღვანელობის არ ეშინია", ამბობს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი. 

ჯორჯ ბუშისთვის - ისევე როგორც მრავალი ამერიკელისთვის - ანგელა მერკელი “ამერიკულ ოცნებას” განასახიერებს. რეპრესიული კომუნისტური რეჟიმის პირობებში გაზრდილი ქალი თავისუფალი სამყაროს მაღალ ეშელონებში მოხვდა და არა სადღაც, არამედ გერმანიაში - ქვეყანაში, რომელიც ორჯერ გაათავისუფლა დიქტატურისაგან შეერთებულმა შტატებმა: ჯერ მთლიანად ქვეყანა ნაცისტური რეჟიმისგან, შემდეგ კი აღმოსავლეთ გერმანია კრემლისგან.

George W. Bush on Angela Merkel

2006 წელს, როდესაც ახლად არჩეულმა კანცლერმა ჯორჯ ბუშს ხელი პირველად ჩამოართვა, გერმანიასა და აშშ-ს შორის ურთიერთობა ცივი იყო. საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე, მერკელის წინამორბედმა, გერჰარდ შროდერმა მკაცრად გააკრიტიკა ბუში ერაყთან ომში მონაწილეობის გამო. 

შეერთებული შტატების ამჟამინდელი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მსგავსად, ბუში კრიტიკულია Nord Stream 2-ის მიმართ. ამასთან, ბუშის თქმით, მას ესმის, თუ რატომ ინარჩუნებს ანგელა მერკელი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ასეთ პოლიტიკას, რომელიც განსხვავდება შეერთებული შტატებისგან. “თითოეულმა ქვეყანამ უნდა იპოვოს საკუთარი გზა”, - აღნიშნავს ის.

დონალდ ტრამპის მმართველობის ოთხი წლის განმავლობაში, მერკელი ლიბერალ ამერიკელებს შორის თავისუფალი სამყაროს ლიდერად განიხილებოდა. მანამდე კი ეს თანამდებობა მხოლოდ აშშ-ის მთავარსარდალს ეკუთვნოდა. ევროკავშირსა და ცალკეულ ევროპულ ქვეყნებს შორის პოლიტიკური არეულობის პირობებში, მერკელი განიხილებოდა, როგორც სტაბილურობის სიმბოლო მუდმივად ცვალებად სამყაროში.

ჯორჯ ბუში მიიჩნევს, რომ ანგელა მერკელი ახალგაზდა ქალებისთვის ერთგვარი როლური მოდელია. “ბევრი გოგონა უყურებს ანგელა მერკელს და ამბობს: მეც შემიძლია ავიღო პასუხისმგებლობა და ძალაუფლება”.

კანცლერ ანგელა მერკელის გამოსამშვიდობებელი ვიზიტი თეთრ სახლში ხუთშაბათს, 15 ივლისს გაიმართება.