
„ქართული დაფნა“ გადაიარაღებას და შესაბამისად, ხარისხის გაზრდას გეგმავს. როგორც კომპანიის დირექტორმა, მამუკა ალფაიძემ, „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, ამ ეტაპზე კომპანია მთლიანად ექსპორტზე და ძირითადად დაბალ საფასო სეგმენტზეა ორიენტირებული.
„საერთაშორისო ბაზარზე 1 კილოგრამი დაფნის ფასი $2-დან $15-მდე მერყეობს. სამწუხაროდ ჩვენ $15-იან პროდუქციას ვერ ვაწარმოებთ. არ გვაქვს შესაბამისი დანადგარები, თუმცა ვმუშაობთ ამ მიმართულებით და იმედია, ხარისხთან ერთად, ფასსაც გავზრდით“,- აცხადებს ალფაიძე.
მისი თქმით, კომპანიას ყოველწლიურად დაახლოებით 1200 ტონა ნედლი დაფნის გადამუშავების რესურსი აქვს და პროდუქციას ესპანეთში, უკრაინაში, რუსეთში, ბულგარეთში, ავსტრიაში, ქუვეითში და სამხრეთ კორეაში ყიდის. გაყიდვების 60% უკრაინასა და რუსეთზე მოდის.