LIVE

მერკელი: Nord Stream 2 უკრაინის გავლით გაზის მიწოდებას საფრთხეს არ უქმნის

13 ივლ 202113:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 475
მერკელი: Nord Stream 2 უკრაინის გავლით გაზის მიწოდებას საფრთხეს არ უქმნის
Liesa Johannssen-Koppitz/Bloomberg

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის მტკიცებით, ევროპა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უკრაინის გავლით, გაზის მიწოდება Nord Stream 2-ის მშენებლობის შემდეგაც გაგრძელდეს.

განცხადება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისთვის ერთგვარი გაფრთხილებაა, რომ მილსადენი პოლიტიკურ იარაღად არ გამოიყენოს.

“ყველანაირად ვცდილობთ იმის ახსნას, რომ Nord Stream 2 არ შეცვლის უკრაინის გავლით დაპირებულ მიწოდებას”, - განაცხადა მერკელმა ბერლინში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ.

Nord Stream 2 ხუთშაბათს მერკელისა და ბაიდენის შეხვედრის ცენტრალური საკითხი იქნება. ამერიკელი ოფიციალური პირები მერკელს სთხოვენ, უკრაინის გავლით გაზის ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად ზომები მიიღოს.

აშშ ბალტიის ქვეყნების შეფასებას იზიარებს და Nord Stream 2-ს მიიჩნევს ინსტრუმენტად, რომელსაც კრემლი ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესების წინააღმდეგ და უკრაინის ეკონომიკის განადგურებისთვის გამოიყენებს.

ანგელა მერკელმა მხარი დაუჭირა პროექტს. მან განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სატრანზიტო შეთანხმება 2024 წლამდე უნდა იყოს დაცული და რომ ევროკავშირი “უძლური” არ არის.

პროექტის განხორციელებაში საფრთხეს ხედავს უკრაინის ლიდერი. 

“ეს არის დიდი საფრთხე, რომელიც იმალება ეკონომიკური პროექტის ნიღბის მიღმა. Nord Stream 2-ის გაშვება შეიცავს პოტენციურ საფრთხეს რეგიონის უსაფრთხოებისთვის”, - განაცხადა ზელენსკიმ.

აშშ-ს კონგრესის ორმხრივი სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით, გერმანიისა და აშშ-ის ოფიციალური პირები მუშაობენ შეთანხმებაზე, რომელიც უკრაინის ენერგეტიკული სექტორის გაძლიერებისთვის სანქციებს განიხილავს. შეთანხმებამ შეიძლება მოიცვას უკრაინის ინფრასტრუქტურის გაძლიერების ვალდებულება, ასევე, გაზის სატრანზიტო გადასახადების კომპენსაცია. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: პატრიკ დონაჰიუ და კატერინა ჩურსინა