LIVE

Bloomberg: დემონსტრანტები მთავრობის გადადგომას მოითხოვენ

12 ივლ 202110:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 994
Bloomberg: დემონსტრანტები მთავრობის გადადგომას მოითხოვენ
Vano Shlamov/AFP via Getty Images

მთავრობის გადადგომის მოთხოვნით თბილისში გუშინ გამართული მასშტაბური აქცია მსოფლიოს წამყვანი გამოცემების ყურადღების ქვეშ მოექცა. 

"პრაიდის კვირაში" ნაცემი ოპერატორის გარდაცვალების შემდეგ, თბილისში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა, წერს Bloomberg-ი. 

ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი. მან დაღუპულის ოჯახს, მეგობრებს და კოლეგებს სამძიმარი გამოუცხადა და ძალადობა დაგმო. 

ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს ანტი-LGBTQ+ მომიტინგეებმა აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმის დროს სცემეს. გასულ კვირას განვითარებული მოვლენების გამო, ორგანიზატორებმა "პრაიდის კვირის" ფარგლებში დაგეგმილ მსვლელობაზე უარი თქვეს.

მომიტინგეები აცხადებენ, რომ მთავრობამ ვერ უზრუნველყო “პრაიდის” ორგანიზატორებისა და მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ დააკავა შეკრებაზე თავდასხმაში რამდენიმე ეჭვმიტანილი, მომიტინგეებმა განაცხადეს, რომ თავის დაღწევა ბევრმა მოახერხა. 

“მე მოვუწოდებ მთელ მთავრობას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ლიდერობით, რომ გადადგეს ხვალ დილამდე და დაისაჯონ პასუხისმგებელი პირები. თქვენ ხალხთან დამარცხდით. გადადგომა არ არის საკმარისი. თქვენ პასუხი უნდა აგოთ”, - განუცხადა ჟურნალისტმა ვახო სანაიამ შეკრებილებს.

შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, ნორვეგიამ და ისრაელმა მთავრობა და მაღალი რანგის სასულიერო პირები ძალადობრივი მოვლენების არდაგმობის გამო გააკრიტიკეს.

პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა "პრაიდის" ორგანიზატორები გააფრთხილა, რომ თბილისის მთავარ გამზირზე მსვლელობას შესაძლოა შეტაკებები გამოეწვია, რადგან ის საზოგადოებისთვის "მიუღებელია".

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო, დემონსტრანტებმა მთავრობას გადასადგომად ვადა 12 ივლისის 12:00 საათამდე მისცა. მათი თქმით, თუ მთავრობა 12:00 საათამდე არ გადადგება, კვლავ შეიკრიბებიან და მათ გეგმებს გააჟღერებენ.

TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც ძალადობრივმა ჯგუფებმა 5 ივლისს სასტიკად სცემეს, გუშინ, 11 ივლისს საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი იპოვა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჰელენა ბედველი