
უნგრეთი LGBTQ თემის საწინააღმდეგო კამპანიას აძლიერებს. ამჯერად ქვეყანამ კომპანია, ერთნაირსქესიანი მშობლების შესახებ წიგნის გაყიდვის გამო, 250 000 ფორინტით ($830) დააჯარიმა.
რეგიონული მთავრობის ადმინისტრაცია ამბობს, რომ გამომცემელმა მშობლები შინაარსის შესახებ გარეკანზე გამოსახული ნიშნით უნდა გააფრთხილოს.
ჯარიმის შესახებ ცნობილი გახდა იქამდე, სანამ ევროპარლამენტი უნგრეთის მიერ LGBTQ ადამიანების შესახებ უფლებების დარღვევის საკითხს განიხილავდა და ევროპარლამენტარები ქვეყნისთვის დაფინანსებას მოითხოვდნენ.
“წიგნის გამავრცელებელმა კომპანიამ არ დაიცვა კანონი, რომელიც მეინსტრიმისგან განსხვავებული შინაარსის შემთხვევაში, ყდაზე სპეციალური ეტიკეტის დართვას გულისხმობს”,- განმარტავს პესტის ოლქის სამთავრობო სააგენტოს ხელმძღვანელი, რიჩარდ ტარნაი და დასძენს, რომ კანონი დაირღვა, რადგან წიგნი სხვა საბავშვო წიგნებთან ერთად იყიდებოდა.
“ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ ყველა ოჯახი იმსახურებს ზღაპრებს და ყველა პატარა ბავშვი იმსახურებს შესაძლებლობას, რომ მასში საკუთარი თავი ან მშობლები ამოიცნოს”,- ნათქვამია წიგნის გამომცემლის, Foundation for Rainbow Families-ის განცხადებაში.
უნგრეთის პარლამენტმა გასულ თვეს მიიღო კანონი, რომელიც სასკოლო მასალებისა და სხვა საშუალებებით იმ შინაარსის მიწოდებას კრძალავს ახალგაზრდებისთვის, რომლებიც “ჰომოსექსუალობის პოპულარიზაციას" ახდენენ. LGBTQ საზოგადოების მარგინალიზაციისა და მისი პედოფილიასთან დაკავშირების მცდელობამ ევროპის ქვეყნების გაღიზიანება და ევროკავშირში ურთიერთობის დაძაბვა გამოიწვია.
ევროკავშირის ქვეყნების მეთაურების უმრავლესობამ ხელი მოაწერა საპროტესტო წერილს, რომელშიც ნათქვამია, რომ კანონმდებლობა “დისკრიმინაციის აშკარა ფორმაა”.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ზოლტან სიმონი