LIVE

მოსაზრება: ავტოკრატები ჰომოფობიას ძალაუფლების იარაღად იყენებენ

03 ივლ 202119:17
3 წუთის საკითხავი
clock clock 774
მოსაზრება: ავტოკრატები ჰომოფობიას ძალაუფლების იარაღად იყენებენ
Gergely Besenyei/AFP/Getty

უნგრეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც სასკოლო მასალებისა და სხვა საშუალებებით იმ შინაარსის მიწოდებას კრძალავს ახალგაზრდებისთვის, რომლებიც “ჰომოსექსუალობის პოპულარიზაციას" ახდენენ. LGBTQ საზოგადოების მარგინალიზაციისა და მისი პედოფილიასთან დაკავშირების მცდელობამ ევროპის ქვეყნების გაღიზიანება და ევროკავშირში ურთიერთობის დაძაბვა გამოიწვია. 

გეებისა და ტრანსგენდერი ადამიანების დისკრიმინაცია სულ უფრო პოპულარული ხრიკი ხდება ძლიერი ლიდერებისთვის, რომლებიც ცდილობენ ყურადღების გადატანას საკუთარი პოპულარობის შემცირებიდან და ვიქტორ ორბანი არ არის გამონაკლისი. აქ ორიგინალური არაფერია.

ორბანის პარტიამ შთაგონება 2013 წლის რუსეთის კანონიდან მიიღო, რომელიც კრძალავს “არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების” პოპულარიზაციას, რაც უკან გადადგმული ნაბიჯია ქვეყნისთვის, რომელმაც ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაცია 1917 წელს მოახდინა. ამგვარი კანონმდებლობა ლეგიტიმაციას აძლევს ჰომოფობიურ რიტორიკას, ამცირებს LGBT ახალგაზრდობისათვის საჭირო დახმარების მიღებას და კვლევამ აჩვენა, რომ ზრდის შემგუებლობას ადამიანებზე ძალადობის მიმართ.

2018 წელს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რუსების 63% მიიჩნევს, რომ შესაძლებელია რუსული ღირებულებების განადგურება გეი პროპაგანდის გზით. პოლონეთში, მმართველმა ნაციონალისტურმა პარტიამ ჰომოფობია 2020 წლის საპრეზიდენტო კამპანიის მთავარ ელემენტად აქცია. ვიქტორ ორბანის მხარდასაჭერად მიცემულ ინტერვიუში ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა ტრანსგენდერ ხალხს “სრულიად ამაზრზენი” უწოდა.

რატომ მიდიან ამ მიმართულებით ისეთი ქვეყნები, როგორიცაა უნგრეთი, რუსეთი და პოლონეთი, ისევე როგორც აფრიკის ქვეყნები, როგორიცაა უგანდა, როდესაც მსოფლიოს დიდი ნაწილი LGBTQ უფლებების დაცვას ზრდის? პასუხი მარტივია - საქმე ეხება არა იმდენად სექსუალურ ორიენტაციას, რამდენადაც ეს არის შიშის გაღვივების, კონტროლის გამკაცრებისა და მმართველების ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობა.

"სამწუხაროდ, LGBT საზოგადოება განსაკუთრებით კარგად გამოყენებადია თავდასხმებისთვის. არა იმიტომ, რომ გეები ან ტრანსგენდერი ადამიანები ემუქრებიან სახელმწიფოს. სინამდვილეში პირიქითაა, უფრო ადვილია მათი აჩრდილად წარმოჩენა ზუსტად იმიტომ, რომ უხილავები არიან, ხშირად ეშინიათ სიტყვის და გარეთ, მტრულ გარემოში გამოსვლისაც კი. შეთქმულების თეორიები ყვავის",- ამბობს იუნგუნგ სუენი, ჰონგ-კონგის ჩინეთის უნივერსიტეტის სექსუალობის კვლევის პროგრამის დამფუძნებელი დირექტორი. 

რიჩარდ მოლი, ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის პოლიტიკური სოციოლოგიის პროფესორი, აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც გეი და ტრანსგენდერი ადამიანები უფრო თვალსაჩინოები ხდებიან საზღვარგარეთ, LGBTQ ადამიანების “იმპორტირებულად” და საზღვარგარეთ დაფინანსებულ დასავლურ “იდეოლოგიად” წარმოჩენა მარტივდება. ჰომოსექსუალობისა და ზოგადად დასავლური იდეების შერწყმა ასევე შესანიშნავი გზაა ოპონენტების დელეგიტიმაციისთვის.

ხშირად, ანგარიშსწორების საბაბად სწორედ პედოფილიასა და ბავშვის დაცვის მოტივებს იყენებენ. რუსეთმა იგივე საფარი გამოიყენა სოციალური მედიის პლატფორმების ჩახშობისას, რომლებსაც ძალიან ეფექტურად იყენებდნენ ოპოზიციური ძალები.

შეთხზული “უცხოს” შექმნა განადგურების ძლიერი ტაქტიკაა. იმდენად ძლიერი, რომ მაგალითად, ვიქტორ ორბანმა შეძლო გაჩუმებულიყო გახმაურებული სექსუალური სკანდალების შესახებ, მაშინაც კი, როდესაც მისი ახლო მოკავშირე ამხილეს იზოლაციის დროს All-Male წვეულებიდან გაქცევის დროს. 

ზიანი, პირველ რიგში, პირადია, რადგან ოჯახებისა და რიგითი მოქალაქეებისთვის ცხოვრება აუტანელი ხდება. თუმცა, მტანჯველები ზიანს აყენებენ ყველას, მათ შორის საკუთარ თავსაც. ინტეგრაციის არარსებობა იწვევს პროდუქტიულობის შემცირებას და სახელფასო ხარვეზებს. ადამიანური რესურსები განუვითარებელია და ცუდად არის განაწილებული, ხოლო პოტენციალი იკარგება. ინვესტიციები სხვაგან მიდის. LGBTQ უფლებებსა და უფრო ძლიერ ეკონომიკას შორის აშკარა კავშირი არსებობს. 

უილიამსის ინსტიტუტმა, კვლევითმა ცენტრმა, რომელიც შეისწავლის სექსუალურ ორიენტაციას, გენდერული იდენტურობის კანონსა და პოლიტიკას, 2014 წელს 39 ქვეყანაში ჩატარებული კვლევით დაადგინა, რომ სექსუალური ორიენტაციის გლობალური იურიდიული აღიარების ინდექსში დაწინაურება ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს $1400-ით ზრდის. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კლარა ფერეირა მარკესი