LIVE

დღეს COVID სერტიფიკატი ევროკავშირის მასშტაბით ოფიციალურად შედის ძალაში

01 ივლ 202112:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 1178
დღეს COVID სერტიფიკატი ევროკავშირის მასშტაბით ოფიციალურად შედის ძალაში
Kenzo TRIBOUILLARD/AFP

დღეიდან ევროკავშირში მოგზაურობის ახალი საშვი, Covid სერტიფიკატი, რომელიც პანდემიის ფონზე გადაადგილების გასაადვილებლად შეიქმნა, ოფიციალურად შედის ძალაში. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს თავისუფალ მოგზაურობას დოკუმენტაციის შემცირებითა და სავალდებულო კარანტინის აღმოფხვრით. თუმცა, ვირუსის დელტა, იგივე ინდური ვარიანტი კონტინენტზე სწრაფად ვრცელდება.

დოკუმენტი მოიცავს ინფორმაციას ვაქცინაციის, ტესტებისა და ვირუსის გადატანის შესახებ. ევროკავშირის მოქალაქეებს შეეძლებათ საშვის მიღება, თუ აქვთ სამი ელემენტიდან ერთი მაინც. დასაშვებია როგორც PCR, ასევე ანტიგენის ტესტები.

ავიაკომპანიები ქვეყნებს აეროპორტებში მოსალოდნელი ქაოსის შესახებ აფრთხილებენ, თუ მათ შორის კოორდინაცია ვერ მოხერხდება. “უახლოეს კვირებში სამგზავრო მიმოსვლის ზრდასთან ერთად, ევროპულ აეროპორტებში ქაოსის რისკი რეალურია”,- ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

ევროკავშირის ციფრული სერტიფიკატი COVID (EUDCC) უფასოა და ის უნდა აღიაროს ევროკავშირის 27-მა ქვეყანამ, აგრეთვე შვეიცარიამ, ლიხტენშტეინმა, ისლანდიამ და ნორვეგიამ. ევროკავშირი მოლაპარაკებებს აწარმოებს რამდენიმე სხვა ქვეყანასთან, მაგალითად, დიდ ბრიტანეთთან და შეერთებულ შტატებთან, COVID-თან დაკავშირებული დოკუმენტების ორმხრივ აღიარებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით.

გათვალისწინებულია ეტაპობრივი განხორციელების პერიოდი, ხოლო საშეღავათო პერიოდი 12 აგვისტომდე გაგრძელდება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მზად არ არიან 1 ივლისს ამოქმედებისთვის. ამ პერიოდის განმავლობაში სხვა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ეროვნული დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს მონაცემებს, რაც ევროპულ დონეზეა საჭირო.

ქვეყნები ვალდებულნი არიან მიიღონ ვაქცინები, რომლებიც დამტკიცებულია მედიკამენტების ევროპული სააგენტოს (EMA) მიერ: Pfizer/BioNTech, Moderna, AstraZeneca და Johnson&Johnson.

მათ ასევე შეუძლიათ მიიღონ ადამიანები, რომლებიც აცრილები არიან ვაქცინებით, რომლებიც დაშვებულია ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად რუსული Sputnik V უნგრეთში, ან "მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის" (WHO) მიერ დამტკიცებული ჩინური ვაქცინებით - Sinopharm და Sicovac.

ამასთან, ევროკავშირის ნებისმიერმა წევრმა სახელმწიფომ შეიძლება კვლავ დააწესოს შეზღუდვები, თუ იმ ქვეყანაში ან რეგიონში მდგომარეობა გაუარესდება, საიდანაც მოგზაური ჩამოვიდა. ამ შემთხვევაში დანიშნულების ქვეყანამ შეზღუდვების ძალაში შესვლამდე 48 საათით ადრე უნდა აცნობოს ევროკომისიას და ევროკავშირის სხვა ქვეყნებს.