LIVE

სანამ საქონლით მოვაჭრეები მილიარდობით შემოსავალს იღებენ, სხვებისთვის ფასები იზრდება

04 ივლ 202113:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 919
სანამ საქონლით მოვაჭრეები მილიარდობით შემოსავალს იღებენ, სხვებისთვის ფასები იზრდება
Bloomberg

ნავთობიდან ფოლადამდე ნედლეულის ფასები იზრდება. მსოფლიო ეკონომიკის აღდგენასთან ერთად, კიდევ რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ბუმი?

2008 წლის კრიზისის შემდეგ, პირველი სასაქონლო ბუმი ნიშნავს, რომ ცენტრალური ბანკები ინფლაციის პრობლემის წინაშე დგანან და რომ ამ ზრდას პოლიტიკური გავლენაც ექნება. ნავთობის ფასი ბარელზე $75-ით, საუდის არაბეთი და რუსეთი გლობალური ენერგეტიკული ბაზრის მამოძრავებელ სავარძელში დაბრუნდნენ, რაც ძლიერი დაბრუნებაა ერთი წლის წინანდელი ფასის ვარდნიდან. ბუმი ასევე არასასურველი მოვლენაა კლიმატის კრიზისის დაძლევის პოლიტიკის შემქმნელებისთვისაც, რადგან საქონლის ფასების ზრდა ცვლილებებს გააძვირებს.

ამასთან, ჩინეთი, რომელიც ნედლეულის იმპორტზეა დამოკიდებული, იმდენად ღელავს საკითხის შესახებ, რომ მთავრობა ცდილობს ფასები ხელოვნურად დაწიოს სპეკულატორების მიმართ მკაცრი მიდგომითა და სტრატეგიული მარაგების გამოთავისუფლების საშუალებით. ამან გარკვეულწილად იმუშავა - წელს სპილენძმა გაზრდილი ფასი მთლიანად დათმო - მაგრამ კომპლექსური ფასები მყარი რჩება: აშშ-ს ფოლადის ფასები სამჯერ გაიზარდა, ნახშირის ფასი 13 წლიან მაქსიმუმზეა, იზრდება ბუნებრივი აირის ფასიც.

ბოლოდროინდელი უკუსვლის შემდეგაც კი, Bloomberg Commodities Spot Index, რომელიც 22 ნედლეულის ფასს წარმოადგენს,  პანდემიის დასაწყისში 2020 წლის მარტის დაბალი მაჩვენებლიდან, 78%-ით არის გაზრდილი.

ნედლი ნავთობის ფასი, რომელიც გლობალური ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საქონელია, მსოფლიოს ლოკდაუნებიდან გამოსვლისა და OPEC + ალიანსის მიერ მომარაგების შეზღუდვის პარალელურად, ზრდას აგრძელებს. მიმდინარე წელს ბრენტის ტიპის ნავთობის ფასები 45%-ით გაიზარდა, რის გამოც მოვაჭრეებმა და Wall Street-ის ბანკებმა კვლავ ისაუბრეს პოტენციალზე, რომ პირველად 2014 წლის შემდეგ, ფასები ბარელზე 100 დოლარს გადააჭარბებს.

ჯეფ კური, Goldman Sachs-ის სასაქონლო კვლევის ვეტერანი ხელმძღვანელი, რომელიც საქონლის მზარდი გრძელვადიანი ბაზრის სასარგებლოდ დაობს, მიუხედავად ბოლოდროინდელი გაყიდვებისა მეტალებში და მარცვლეულში, ამბობს, რომ ბაზარზე ბევრად მეტი ინვესტიციის გაკეთების პოტენციალი არსებობს.

”საქონელი ისევ მოდაშია”,- განაცხადა კურიმ, მაგრამ ჯერჯერობით მზარდ ფასებზე მღელვარება ამ მიმართულებაში ფულის ნაკადებს ვერ იზიდავს, რაც 2004–2011 წლების აღმავლობის პერიოდში გამოიყენა სექტორმა.

თუმცა, ის ინვესტორები და ფიზიკური მოვაჭრეები, რომლებმაც ფულადი სახსრები საქონელში უკვე ჩადეს და პოსტ პანდემიურ აღდგენაზე დადეს ფსონი, ფასების ზრდამ უკვე გაამდიდრა.

Cargill-მა, მსოფლიოში სასოფლო-სამეურნეო საქონლის უმსხვილესმა მოვაჭრემ ფისკალური წლის მხოლოდ ცხრა თვეში იმაზე მეტი გამოიმუშავა, ვიდრე მისი ისტორიის ნებისმიერ სრულ წელს. Cargill-ის წმინდა შემოსავალი $4 მილიარდს აჭარბებს.

თუმცა, მომხმარებელთათვის საქონლის ბუმი მაღალი ინფლაციის დაბრუნებას ნიშნავს. ამ დროისთვის კომპანიები ძირითადად ითვისებენ გავლენის სიმძიმეს, ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის ჩინეთში, საწარმოო ინფლაცია ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ დონეზეა. წარმოების ფასების ზრდასთან ერთად, ადრე თუ გვიან, მომხმარებლები გაზრდილ ფასს გადაიხდიან.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჰავიერ ბლასი