LIVE

Facebook-ს სექსუალური ტრეფიკინგის ხელშეწყობის გამო ედავებიან

28 ივნ 202112:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1048
Facebook-ს სექსუალური ტრეფიკინგის ხელშეწყობის გამო ედავებიან
Johannes Berg/Bloomberg

Facebook-ს სამი ქალი სექსუალური ტრეფიკინგის ხელშეწყობის გამო უჩივის. ისინი ამტკიცებენ, რომ მათ მოძალადეებმა პროსტიტუციაში ჩართვა სოციალური ქსელის მეშვეობით აიძულეს.

ტეხასის უზენაესი სასამართლოს წარმომადგენელი ჯეიმს ბლექლოკი ადასტურებს, რომ ქალებს შეუძლიათ ედავონ Facebook-ს სახელმწიფო კანონის მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს სამართლებრივ დევნას იმ პირების წინააღმდეგ, ვინც ტრეფიკინგისგან სარგებელი მიიღო.

თუმცა ის ასევე აღნიშნავს, რომ ფედერალური კანონის მიხედვით, ისინი ვერ უჩივლებენ Facebook-ს იმის გამო, რომ ვერ გააფრთხილა არასრულწლოვნები ან არ მიიღო სათანადო ზომები სექსუალური ტრეფიკინგის საქმიანობის დასაბლოკად.

საქმის მასალების მიხედვით, Facebook-ს არ გააჩნდა ეფექტური გარანტიები  ტრეფიკერების დასაბლოკად და ის იღებს სარგებელს ქსელში გაშვებული რეკლამიდან.

ქალები აცხადებენ, რომ კომპანია სარეკლამო სივრცეს არ იყენებს სექსუალური ტრეფიკინგის საშიშროების შესახებ განცხადებებისთვის.

Facebook-მა უზენაეს სასამართლოს მიმართა იმის დასამტკიცებლად, რომ იგი დაცულია აშშ-ის კომუნიკაციების შესახებ კანონით, რომლის მიხედვითაც საიტი სასამართლოს წინაშე პასუხს არ აგებს მომხმარებლების მიერ განთავსებული კონტენტის გამო.

მოსამართლემ კომპანიის არგუმენტი არ გაიზიარა. მისი განცხადებით, კომპანიის მიერ მოყვანილი 230-ე მუხლი არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან, მაშინ, როცა საქმე ტრეფიკინგისგან განზრახ ან უნებლიედ სარგებლის მიღებას გულისხმობს.

ბლექლოკმა საქმე საოლქო სასამართლოს უკან გადაუგზავნა და გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, 1996 წელს დაწერილი 230-ე მუხლის დებულებები საჭიროებდეს განახლებას და კონგრესის მიერ შესწორებას.

“შესაძლოა, ახლა ტექნოლოგიური მიღწევები ონლაინ პლატფორმებს მომხმარებლების პოსტების კონტროლის მეტ საშუალებას აძლევდეს. მეორე მხრივ,  ონლაინ პლატფორმებისთვის დაკისრებულმა პასუხისმგებლობამ, შესაძლოა, გააძლიეროს ცენზურა და შეამციროს სიტყვის თავისუფლება ინტერნეტში, რათა კომპანიებმა სავარაუდო სასამართლო დავები თავიდან აიცილონ”,- ამბობს მოსამართლე.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მალათი ნაიაკი