
წელს თურქეთში 800 ათასი ტონა თხილის მოსავალს ელოდებიან, რაც მსოფლიო მოხმარების 80%-ია. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში განუცხადეს, ეს საქართველოსთვის გარკვეულ მარკეტინგულ გამოწვევებს შექმნის, თუმცა ბაზარზე სწორი პოზიციონირების შემთხვევაში, საქართველოს გასაღების ბაზრის მოძიება არ გაუჭირდება.
„ქართული თხილის ხარისხის მკვეთრი გაუმჯობესება და შარშანდელი წარმატებული სეზონი იძლევა იმედს, რომ შოკოლადის უმსხვილესი მწარმოებლები და თხილის მომხმარებლები ევროკავშირში ქართული თხილით დაინტერესდებიან“,- აცხადებს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე, მერაბ ჭითანავა.
თურქეთის მსგავსად, წელს საქართველოშიც თხილის მაღალ მოსავალს, დაახლოებით 55 ათას ტონაზე მეტს ელოდებიან. ჭითანავას თქმით, იზრდება ქართული თხილის გამოსავლიანობაც.
„2019-2020 წელს გამოსავლიანობა 37% იყო. 2020-2021 წლებში ეს მაჩვენებელი 40%-მდე გაიზარდა და ველოდებით, რომ ის 42%-მდეც გაიზრდება“,- განაცხადა ჭითანავამ.
ასოციაციაში ვარაუდობენ, რომ თხილის ხარისხის ზრდასთან ერთად გაიზრდება ქართული თხილის ფასიც.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, გასულ წელს საქართველოდან თხილის ექსპორტი 49%-ით გაიზარდა. 2020 წლის 1-ლი აგვისტოდან 2021 წლის 31 იანვრამდე პერიოდში საქართველოდან 15.3 ათასი ტონა 79.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების თხილი გავიდა ექსპორტზე, რაც 5 ათასი ტონით და 26.8 მლნ აშშ დოლარით მეტია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მონაცემებით, საქართველოში თხილის ბაღები 27 ათას ჰექტარზეა გაშენებული. 2020 წელს თხილის მოსავალმა 50 ათასი, ხოლო 2019 წელს 35 ათასი ტონა შეადგინა.