
ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილის, ალექსი ნონიაძის განცხადებით, საქართველოში ავტობაზარი 50%-ით შემცირდა, ხოლო ავტოიმპორტიორების 30% ბაზრიდან გავიდა.
„კვლევა ჩავატარეთ და გაირკვა, რომ ავტოიმპორტიორების 30%-მა ამოყიდა ავტომობილები და ბაზარი დატოვა. შეიძლება ეს ხალხი ისევ ვიხილოთ ბაზარზე, მაგრამ ფაქტია რომ მათი მოლოდინები ნეგატიურია და საქმიანობა შეაჩერეს. ფაქტიურად ავტოიმპორტიორების 1/3 ბაზრიდან გავიდა“,- განუცხადა „ბიზნეს ფორმულას“ ნონიაძემ.
მისივე თქმით, 2020 წელთა შედარებით, როცა პანდემიის პირობებში საზღვრები ჩაკეტილი იყო, მიმდინარე წელს ექსპორტშიც და იმპორტშიც გარკვეული ზრდაა.
გასაღების მთავარ ბაზრად, ანუ რეექსპორტის მიმართულებად ყაზახეთი, ტაჯიკეთი და აზერბაიჯანი რჩება. გამონაკლისია სომხეთი, რომელმაც ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების შემდეგ საბაჟო ტარიფები გაზარდა და საქართველოსთვის, როგორც გასაღების ბაზარი დაიკარგა.
ასოციაციის განმარტებით, შექმნილ სიტუაციაში ავტოიმპორტიორები იძულებულები არიან მოგების შედარებით დაბალი მარჟით დაკმაყოფილდნენ.
„პანდემიისა და ჩაკეტილი საზღვრების პირობებში, ბევრმა ავტომობილები იაფად გაყიდა, მაგრამ ფასები მთლიანობაში გასული წლების ნიშნულზე შენარჩუნდა. სამაგიეროდ ევროპაშიც და ამერიკაშიც მეორადი ავტომობილების ფასმა მოიმატა. შედეგად, ავტოიმპორტიორს საქართველოში მანქანის ჩამოყვანა უფრო ძვირი უჯდება. ამიტომ, ავტოიმპორტიორი საქართველოში იძულებულია მოგების შედარებით ნაკლები მარჟით დაკმაყოფილდეს“,- აცხადებს ნონიაძე.
"საქსტატის" მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოდან რეექსპორტზე 165 მილიონი დოლარის ავტომობილი გავიდა. გასულ წელთან შედარებით ($154 მლნ) ზრდამ 7.2% შეადგინა. მთლიან ექსპორტში 10.8 %-იანი წილით ავტომობილების ექსპორტი მეორე ადგილზეა. იმავე საანგარიშო პერიოდში ავტომობილების იმპორტმა 309 მილიონ დოლარს გადააჭარბა და მთლიან იმპორტში 8.9%-ით პირველ ადგილზეა. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ($ 274 მლნ) ავტომობილების იმპორტი 11.2%-ით გაიზარდა.