
Microsoft-ი ისტორიაში შევიდა როგორც აშშ-ს მეორე საჯარო კომპანია, რომელმაც $2 ტრილიონიან საბაზრო ღირებულებას მიაღწია.
Microsoft-ის აქციების ღირებულება წელს ჯამში 19%-ით გაიზარდა, რაც Apple-ისა და Amazon.com-ის ზრდას აჭარბებს. ინვესტორების მხრიდან კომპანიის აქციებზე მოთხოვნის ზრდას შემოსავლების გრძელვადიანი მატების და გაფართოების მოლოდინი განაპირობებს, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორიცაა მანქანური სწავლება და ქლაუდ ტექნოლოგიები. კომპანიის მესამე კვარტლის შედეგები, რომელიც აპრილის ბოლოს გამოქვეყნდა, აღემატებოდა პროგნოზებს და ძლიერი ზრდა აჩვენა ბიზნეს სეგმენტებში.
მიუხედავად იმისა, რომ Microsoft-ს IPO-ს დღიდან 33 წელი დასჭირდა იმისთვის, რომ $1 ტრილიონიანი ღირებულებისთვის მიეღწია 2019 წელს, თუმცა მომდევნო ტრილიონისთვის მხოლოდ ორი წელი გახდა საჭირო, კოვიდ კრიზისის პერიოდში ტექნოლოგიური აქციების პოპულარობის ზრდის გამო.
Apple-ი შარშან შევიდა Wall Street-ის ისტორიაში, როგორც პირველი კომპანია 2 ტრილიონიანი ღირებულებით. აშშ-ის კომპანიებს შორის ამ წყვილს მოსდევს Amazon-ი, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $1,8 ტრილიონია და Alphabet-ი, რომლის ღირებულება დაახლოებით $1,6 ტრილიონს აღწევს.
”Microsoft-ი ყველა პუნქტს აკმაყოფილებს: ინვესტორების ფავორიტ ბაზარზე მუშაობს, ის გვთავაზობს მდგრად და მზარდ ზრდას და ძალიან კარგ მდგომარეობაშია იმ გრძელვადიანი ტენდენციების კაპიტალიზაციისთვის, რასაც ტექნოლოგიებში ვხედავთ”, - ამბობს ლოგან პურკი, Edward Jones-ის ანალიტიკოსი.
Bloomberg-ის მონაცემების თანახმად, ანალიტიკოსების 90% -ზე მეტი რეკომენდაციას უწევს Microsoft-ის აქციების შესყიდვას, არცერთს არ აქვს კომპანიის აქციებზე გაყიდვის შეფასება.
Microsoft-ის საშუალო ფასის სამიზნე მაჩვენებელი დაახლოებით 11%-ით აღემატება მიმდინარე დონეს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: რაიან ვლასტელიკა და დინა ბასი