LIVE

შვეიცარიულ ბანკს 216-წლიან ისტორიაში პირველად ქალი პარტნიორი ჰყავს

22 ივნ 202118:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1262
შვეიცარიულ ბანკს 216-წლიან ისტორიაში პირველად ქალი პარტნიორი ჰყავს
Banque Pictet & Cie SA

Banque Pictet-მა არსებობის 216-წლიან ისტორიაში პირველად, ტოპ მენეჯერის პოზიციაზე ქალი დააწინაურა.

თურქული წარმოშობის ელიფ აქტუგი, რომელიც ამ დრომდე ბანკის აქტივების მართვის ფონდის მენეჯერის პოზიციას იკავებს, დამფუძნებელი ოჯახის წევრთან, ფრანსუა პიქტეტთან ერთად დასახელდა ახალ პარტნიორად, რის შედეგადაც მოქმედი პარტნიორების რიცხვი 9-მდე გაიზარდა.

ამ დრომდე, შვეიცარიის კერძო ბანკის ტოპ მენეჯმენტში ყოფნის პატივი ხვდა სულ 43 ადამიანს და ყველა მათგანი კაცი იყო.

აქტუგი შვეიცარიულ ბანკს 2011 წელს შეუერთდა როგორც ფონდის წამყვანი მენეჯერი. შემდეგ ის აღმასრულებელი მენეჯერის პოზიციაზე დაწინაურდა 2019 წელს და ამავე წელს მიიღო ჯილდო Hedge Funds Review-სგან ნომინაციაში „ფონდის საუკეთესო ქალი მმართველი“. იქამდე აქტუგი მუშაობდა Goldman Sachs-ის საფრანგეთის ოფისში, სადაც კარიერა 1997 წელს დაიწყო როგორც საინვესტიციო ბანკინგის დეპარტამენტის ანალიტიკოსმა. რაც შეეხება ფრანსუა პიქტეტს, ის ბანკის დამფუძნებელი ოჯახის წევრია და მმართველი დირექტორის პოზიციიდან პირდაპირ პარტნიორის პოზიციაზე გადაინაცვლებს.

ჟენევაში ბაზირებული Pictet-ის პარტნიორები 600 მილიარდ ფრანკიან აქტივებს ზედამხედველობენ, თავად ბანკი კი მომგებიანობის მაღალი დონით გამოირჩევა კონკურენტებთან შედარებით.

ახალი პარტნიორები ბანკის ტოპ მენეჯმენტს 1-ლი სექტემბრიდან შეუერთდებიან, მას შემდეგ, რაც მარეგულირებელი უწყება მათ ამ პოზიციაზე დაამტკიცებს.

Pictet-ის პარტნიორობა მაღალშემოსავლიანი პოზიციაა. აქ დასაქმებულებს ხშირად წლიურად 20 მილიონი შვეიცარიული ფრანკის შემოსავალი აქვთ. ყოველ ჯერზე, როცა ახალი პარტნიორი ინიშნება, ის კომპანიის მნიშვნელოვან წილს ყიდულობს, შესაბამისად დამატებით სარგებელსაც იღებს აქციებიდან. პარტნიორობის ტრანზაქციის დასაფინანსებლად მოქმედი პარტნიორები ახალ წევრებს სესხს აძლევენ, ისინი კი თანხას გარკვეული პერიოდის განმავლობაში ისტუმრებენ. თუ პარტნიორი პოზიციას ტოვებს, მის წილს კომპანიაში მოქმედი პარტნიორები გამოისყიდიან, რადგან მესამე პირზე გასხვისება ნებადართული არ არის.