LIVE

1-ლი ივლისიდან ე.წ. კომენდანტის საათი თურქეთშიც უქმდება

22 ივნ 202116:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 1031
1-ლი ივლისიდან ე.წ. კომენდანტის საათი თურქეთშიც უქმდება

1-ლი ივლისიდან თურქეთი შეზღუდვებს შეამცირებსქვეყნის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, კვირას დაწესებული "ლოქდაუნი" და სამუშაო დღეებში 19:00 საათიდან მოქმედი კომენდანტის საათი გაუქმდება.

“ასევე მოიხსნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობაზე დაწესებული შეზღუდვები და საჯარო ორგანიზაციები დაუბრუნდებიან ჩვეულ სამუშაო საათებს”, - თქვა ერდოღანმა.

ერდოღანმა შუაღამის საათებამდე კონცერტების ჩატარებაც დაუშვა, რამაც სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია, რადგან ეს ნაბიჯი მოსახლეობამ ცხოვრების წესში ჩარევად მიიღო.

ბოლო კვირების განმავლობაში თურქეთმა დაიწყო შეზღუდვების შემსუბუქება. გააუქმა კვირა დღეზე დაწესებული “ლოქდაუნი” და რესტორნების შეზღუდული რაოდენობით სტუმრების მიღების უფლება მისცა.

თურქეთის მთავრობა იმედოვნებს, რომ ინფიცირებულთა რიცხვის კლება და ვაქცინაციის პროგრამის დაჩქარება, რომელიც დღიურად 1,5 მილიონამდე დოზის ადმინისტრირებას ითვალისწინებს, ტურიზმის აღდგენას ხელს შეუწყობს.

იმუნიზაციის დონის მკვეთრი ზრდის წყალობით, წლის მეორე ნახევარში მოსალოდნელია თურქეთის ეკონომიკის ზრდა. საფინანსო ინსტიტუტმა, JP Morgan-მა გასულ კვირას ქვეყნის მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედა და 6.8%-მდე გაზარდა.

გუშინ თურქეთში Covid-19-ით ინფიცირების 5294 შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში 24 საათის განმავლობაში ვირუსით 51 ადამიანი გარდაიცვალა.

ცნობისთვის, 1-ლი ივლისიდან ე.წ. კომენდანტის საათი, რომელიც 23:00 საათიდან 04:00 საათამდე მოქმედებდა, საქართველოშიც უქმდება. ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან პირბადის ღია სივრცეში ტარება სავალდებულო აღარაა.