
"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" (WHO) განცხადებით, ღარიბი ქვეყნების დიდ ნაწილს, რომლებიც Covid-19-ის ვაქცინებს გლობალური გაზიარების სქემით იღებენ, ვაქცინაციის გასაგრძელებლად საკმარისი დოზები აღარ აქვთ.
WHO-ს უფროსმა მრჩეველმა, ბრიუს ეილვარდმა განაცხადა, რომ Covax-ის პლატფორმამ 131 ქვეყანას 90 მილიონი დოზა მიაწოდა, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო მოსახლეობის დასაცავად ვირუსისგან, რომელიც ჯერ კიდევ ვრცელდება მთელ მსოფლიოში.
დეფიციტი აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში ინფექციების მესამე ტალღამ გამოიწვია. სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა, სირილ რამაფოზამ მდიდარი ქვეყნების მიერ ვაქცინების დაგროვების შეჩერება მოითხოვა. მისი თქმით, აფრიკაში კონტინენტურ დონეზე მხოლოდ 40 მილიონი დოზა გაიგზავნა, რაც მოსახლეობის 2%-ზე ნაკლებისთვისაა საკმარისი.
რამაფოზას თქმით, სამხრეთ აფრიკაში ვაქცინის წარმოების რეგიონალური ცენტრის შესაქმნელად Covax პლატფორმასთან თანამშრომლობს.
Covax გასულ წელს, Covid-19-ის ვაქცინის დოზების გლობალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნა. WHO-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელობით, Covax-მა 2021 წლის ბოლოსთვის ორი მილიარდი დოზის მიწოდება დაისახა მიზნად. მათი უმეტესობა ღარიბ ქვეყნებს ეძლევათ, სადაც პლატფორმა იმედოვნებს, რომ გაანაწილებს საკმარის ვაქცინებს მოსახლეობის 20%-ის დასაცავად. თუმცა, ვაქცინების გავრცელებას ხელი შეუშალა წარმოებისა და მიწოდების შეფერხებამ, რამაც Covax-ზე სრულად დამოკიდებულ ქვეყნებში დეფიციტი გამოიწვია.