LIVE

The Lancet: COVAX-ი ბრწყინვალე იდეა იყო... სამწუხაროდ, ეს არ განხორციელდა

20 ივნ 202111:02
3 წუთის საკითხავი
clock clock 961
The Lancet: COVAX-ი ბრწყინვალე იდეა იყო... სამწუხაროდ, ეს არ განხორციელდა

წამყვანი სამედიცინო ჟურნალი The Lancet-ი 19 ივნისის გამოშვების გარეკანზე Covax მექანიზმის მარცხზე წერს. 

"COVAX იყო ბრწყინვალე იდეა, რომელიც სოლიდარობის შედეგად შეიქმნა. სამწუხაროდ, ეს არ განხორციელდა... მდიდარი ქვეყნები უფრო ცუდად მოიქცნენ, ვიდრე ვინმე ამას ყველაზე ცუდ კოშმარში წარმოიდგენდა", წერია გარეკანზე.

 

COVAX-ის მიზანი მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის ვაქცინების სამართლიანად განაწილების უზრუნველყოფაა. სტატიის ავტორი, ანა დანაია აშერი ასკვნის, რომ პლატფორმამ მიზნის მიღწევა ვერ შეძლო. 

სტატიაში მოყვანილია გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერესის ციტატა, რომელიც განმახორციელებლების მარცხზე მიუთითებს: "დღეს ადმინისტრირებული დოზების 75% 10 ქვეყანაზე მოდის. ღარიბ ქვეყნებში ჯანდაცვის მუშაკებს და რისკჯგუფში შემავალ მოსახლეობას მათზე წვდომა არ აქვთ. ეს არამარტო აშკარა უსამართლობა, არამედ ჩვენი მარცხია". 

სტატიის მიხედვით, COVAX-მა 125 ქვეყანას 72 მილიონზე მეტი დოზა ვაქცინა მიაწოდა, თუმცა ის მაინც ბევრად ჩამორჩება დასახულ გეგმას - 172 მილიონ დოზას. 

COVAX-პლატფორმა ვაქცინაზე წვდომის გლობალური ფონდია, რომელიც ერთი წლის წინ "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა" და "ვაქცინების გლობალური ალიანსის" ინიციატივით შეიქმნა. ის დაბალი შემოსავლის ქვეყნებს ვაქცინების მიღებაში ეხმარება.

საქართველომ Covid-19-ის ვაქცინების პირველი დოზები სწორედ COVAX-ის მეშვეობით მიიღო. 13 მარტს თბილისში AstraZeneca-ს 43 200 დოზა ვაქცინა ჩამოვიდა.