LIVE

მოსაზრება: მზის პანელების ფასის რეალური კრიზისი ჯერ არ დაწყებულა

20 ივნ 202115:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 1227
მოსაზრება: მზის პანელების ფასის რეალური კრიზისი ჯერ არ დაწყებულა
Bloomberg

ერთ-ერთი ყველაზე გრძელვადიანი დეფლაციური ტენდენცია შეჩერების პირასაა. შედეგებმა კი შესაძლოა, დიდი გავლენა იქონიოს კლიმატის ცვლილების თავიდან აცილების გლობალურ შესაძლებლობებზე.

1950-იანი წლებიდან ნახევარგამტარული ჩიპების შემცირებულმა ღირებულებამ სამყარო გარდაქმნა, რის შედეგადაც კომპიუტერები ძვირადღირებული სამრეწველო ქარხნული ნაწარმიდან ჩვენს სმარტფონებად, საათებად, მანქანებად და მაცივრებად იქცა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში მსგავსი რამ სხვა კრიტიკული ნახევარგამტარების, მზის ენერგიის ელემენტების შემთხვევაშიც მოხდა.

პანელის მოდულები, რომელთა ღირებულება 2010 წელს 1 კვტ-ზე $1,870-ს შეადგენდა, გასულ წელს კვტ-ზე $163 ჯდებოდა, რამაც ფოტოვოლტაიკური, იგივე PV ენერგია ძვირადღირებული ცნობისმოყვარეობიდან ენერგოსისტემის გადამუშავების ტექნოლოგიად გადააქცია. BloombergNEF-ის თანახმად, გლობალური მოსახლეობის ორი მესამედისთვის, მზისა და ქარის ენერგია  ელექტროენერგიის ახალი მარაგების მიწოდების ყველაზე იაფ გზას წარმოადგენს. მომავალი ხუთი წლის განმავლობაში, 2025 წლისთვის, დაინსტალირებული ელექტროენერგიის სისტემების თითქმის 60% მზის ენერგიის იქნება.

ეს ტენდენცია ბოლო თვეების განმავლობაში შეჩერდა. მიმდინარე კვარტალში პანელის მოდულების ფასი თითქმის 15%-ითაა გაზრდილი. ინდუსტრიას, რომლის ზრდის მოდელი დანახარჯების მუდმივად შემცირებაზეა დამოკიდებული, ინფლაციის პირველ პერიოდთან გამკლავება უწევს.

პანელის მოდულების გაზრდილი ფასი ნედლეულის ბრალია. პოლიციკონის ფასები, საიდანაც როგორც მზის პანელები, ასევე კომპიუტერული ჩიპები მზადდება, გაიზარდა. განახლებადი ენერგიის დანადგარების გაძლიერებული გეგმები გლობალური ეკონომიკის მიწოდების ჯაჭვის პრობლემებს შეეჯახა. $29,41 კილოგრამზე PV კლასის პოლიციკონი ახლა ისეთივე ძვირია, როგორც 2012 წელს, ხოლო გასული წლის ფასზე - $10,57/კილოგრამზე, თითქმის სამჯერ მეტია.

კარგი ამბავია ის, რომ უახლოეს წლებში ბაზარზე პოლიციკონის დიდი რაოდენობა უნდა შემოვიდეს. BloombergNEF-ის ანალიტიკოსის, იალი ჯიანგის განცხადებით, ჩინელი მწარმოებლების მიწოდება 2023 წლისთვის დაახლოებით 76%-ით გაიზრდება. ასეთი ზრდა მზის ენერგიაზე მოთხოვნის ზრდის ტემპსაც კი გადააჭარბებს, რაც პოლიციკონის ფასებს 2022 წლის ბოლოსთვის პანდემიამდე დონესთან დააბრუნებს.

ამ ვარდისფერ პერსპექტივაში ერთი პრობლემაა. ახალი წარმოების დაახლოებით მესამედი სინძიანის რეგიონში იქნება წარმოებული, ჩინეთის უზარმაზარ დასავლეთ რეგიონში, სადაც უიღურები და სხვა რელიგიური უმცირესობები ჩინეთის პოლიტიკის მსხვერპლი არიან. აშშ უიღური მუსლიმების მიმართ მოპყრობას კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად და შესაძლო გენოციდად ახასიათებს. ანალიტიკოსის იოჰანეს ბერნუტერის თქმით, მსოფლიოში მზის ენერგიის კლასის პოლიციკონის დაახლოებით 45% სინძიანში დაფუძნებული ოთხი მწარმოებლისგან რეალიზდება.

კანონპროექტი, რომელიც ამჟამად აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის გავლაზე მუშაობს, ყველა იმ ჩინური საქონლის იმპორტს კრძალავს, რომლებიც იძულებით შრომას უკავშირდება. შესაძლოა, იგივე ნაბიჯები გადადგან ევროპამ და სხვა რეგიონებმაც.

ამ პრობლემისგან თავის დაღწევის მიზნით, ბერნუტერის მიერ წამოყენებული ერთ-ერთი ვარიანტი წარმოების წილის დამოწმებას გულისხმობს, როგორც "სინძიანისგან თავისუფალი", რაც საშუალებას მისცემს ექსპორტს გაგრძელდეს. თუმცა, ასეც რომ მოხდეს, ეს გეგმა მზის პანელების მწარმოებლების სურვილზეა დამოკიდებული, გამოყონ და შეამოწმონ პოლიციკონის წარმოების ადგილები. ამგვარმა ნაბიჯმა კი შეიძლება მწარმოებლებისთვის  ჩინეთის ამჟამინდელ პოლიტიკურ კლიმატში პრობლემები გამოიწვიოს.

ცხადია, რაღაც უნდა შეიცვალოს, რომ დეკარბონიზაციის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ძრავი ჩართული დარჩეს. სინძიანის რეგიონი გადამწყვეტია არა მხოლოდ დაბალი ხარჯების, არამედ იმის გამოც, რომ ის ჩინეთის  მზის ენერგიის ფართო ინდუსტრიაში მჭიდროდაა ჩართული. ჩინური წარმოება მსოფლიოში პანელების წარმოების 70%-ს წარმოადგენს.

ისევე როგორც მოდა, ალუმინის სექტორი და კრიპტოვალუტების მოპოვება, მზის ინდუსტრია ღრმად ინტეგრირებულია სინძიანთან. თუ ეს რეგიონი მომარაგების ჯაჭვის ადამიანის უფლებების დარღვევებისგან საიმედოდ გამოყოფას ვერ შეძლებს, შედეგები სავალალო იქნება - როგორც ჩინეთისთვის, ასევე მსოფლიოსთვის.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დევიდ ფიკლინგი