LIVE

ინდოელმა მილიარდერმა ოთხ დღეში $13 მილიარდი დაკარგა

18 ივნ 202119:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 2180
ინდოელმა მილიარდერმა ოთხ დღეში $13 მილიარდი დაკარგა
Bloomberg

ინდოელი მილიარდერის, გაუტამ ადანის გლობალური სიმდიდრის რეიტინგის მოწინავე პოზიციებზე ოცნება მას შემდეგ ჩამოიშალა, რაც მედიამ მისი ფირმის ზოგიერთ ოფშორულ ინვესტორთან დაკავშირებით კითხვები დასვა.

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის თანახმად, 58 წლის ბიზნესმენმა მიმდინარე კვირაში ყველაზე მეტი ფული დაკარგა მსოფლიოში. მისი პირადი ქონება დაახლოებით $13,2 მილიარდით შემცირდა და $ 63,5 მილიარდი შეადგინა. რამდენიმე დღის წინ, ადანი აზიის უმდიდრესი ადამიანის სტატუსს საკმაოდ მიუახლოვდა, სანამ პარასკევს მისი ჯგუფის აქციებიდან ოთხი კიდევ უფრო დრამატულად დაეცა.

აქციების ფასების ვარდნა ორშაბათს მას შემდეგ დაიწყო, რაც Economic Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ინდოეთის აქციების ეროვნულმა დეპოზიტარმა მავრიკში დაფუძნებული სამი ფონდის ანგარიშები მფლობელების შესახებ არასაკმარისი ინფორმაციის გამო გაყინა. Albula Investment Fund-ის, Cresta Fund-ისა და APMS Investment Fund-ის მფლობელების ძირითადი ნაწილი - დაახლოებით $6 მილიარდი - ადანის ფირმების აქციებია.

Bloomberg Intelligence-ის თანახმად, მავრიკის ოფშორული ფონდები აქტივების 90%-ზე მეტს Adani Group-ის კომპანიებში ფლობენ.

Adani Green Energy-ის აქციები, მაგნატის ყველაზე ღირებული აქტივი, მიმდინარე კვირაში მუმბაიში თითქმის 13%-ით დაეცა. Adani Ports & Special Economic Zone 17%-ით დაეცა, ხოლო Adani Power-მა, Adani Total Gas-მა და Adani Transmission-მა მინიმუმ 22%-იანი ვარდნა განიცადეს. ადანის ფლაგმანი Adani Enterprises-ის აქციების ფასი 7%-ით შემცირდა.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ადანის პორტების, მაღაროებისა და ელექტროსადგურების იმპერიის გარშემო პოზიტიური მოლოდინები გაჩნდა. ინდოელი მილიარდერი წიაღირსეულ საწვავს მიღმა განვითარებას პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის მიერ დადგენილი ინფრასტრუქტურული პრიორიტეტების შესაბამისად ცდილობდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალექსანდრ საზონოვი