
AstraZeneca-ს ვაქცინის მიწოდებაზე მორიგი შეფერხება აზიაში შეიქმნა.
ივნისის დასაწყისში ტაილანდი AstraZeneca-ს ვაქცინის 6 მილიონი დოზის მიღებასა და ადმინისტრირებას გეგმავდა, მაგრამ მიმდინარე კვირაში ჯანდაცვის უწყებებმა განაცხადეს, რომ ივნისში მხოლოდ 3.5 მილიონის ადმინისტრირება მოხერხდება.
ტაილანდის მთავრობა პირობას დებს, რომ 6 მილიონ დოზის ადმინისტრირებას მაინც შეძლებს, თუმცა შესაძლოა, დეფიციტის შესავსებად ჩინური Sinovac Biotech-ის ვაქცინა გამოიყენოს.
ტაილანდის სამეფო ოჯახთან დაკაშირებული კომპანია Siam Bioscience, რომელიც სამხრეთ აზიაში AstraZeneca-ს პარტნიორია, აზიის ქვეყნებისთვის, მათ შორის, მალაიზიისა და ფილიპინებისთვის ვაქცინების მიწოდებას აგვიანებს, თუმცა ქვეყნები იმედოვნებენ, რომ ლოდინი დიდხანს არ მოუწევთ.
ფილიპინები ივლისის შუა რიცხვებში ტაილანდიდან AstraZeneca-ს დაახლოებით 1,2 მილიონ დოზას ელოდება. მალაიზიის ხელისუფლების მიერ მაისში გაკეთებული განცხადების მიხედვით, ივნისში ტაილანდიდან 610 000 დოზა უნდა მიეღოთ, ხოლო ივლისში დამატებით - 410 000 დოზა.
სიტუაციას ამწვავებს ფაქტი, რომ აზიაში AstraZeneca-ს კიდევ ერთმა პარტნიორმა, Serum Institute of India-მა, განვითარებადი ქვეყნები ვაქცინების გარეშე დატოვა.
ვაქცინის წარმოებაში Siam Bioscience AstraZeneca-ს ერთადერთი პარტნიორია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, სადაც ვირუსის ტალღა ბოლო ორი თვის განმავლობაში იზრდება.
მიწოდების შეფერხებასთან დაკავშირებით, AstraZeneca და მისი პარტნიორი კომენტარს არ აკეთებენ.
ამ დროისთვის არასაკმარისი ვაქცინების მიწოდების გამო, AstraZeneca-სთან სამართლებრივი დავა აქვს ევროკავშირს. კომპანიამ ბლოკს პირველ კვარტალში 120 მილიონის ნაცვლად, მხოლოდ 30 მილიონი დოზა მიაწოდა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია