LIVE

UEFA EURO 2020-ის გუნდებს: შეწყვიტეთ სპონსორების ბოთლების გადაადგილება

17 ივნ 202123:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 2000
UEFA EURO 2020-ის გუნდებს: შეწყვიტეთ სპონსორების ბოთლების გადაადგილება

UEFA EURO 2020-ის მონაწილე გუნდებს მოუწოდებს, პრესკონფერენციებისას სპონსორების ბოთლების გადაადგილება შეწყვიტონ.

აღნიშნული განცხადება კრიშტიანუ რონალდუს, პოლ პოგბასა და მანუელ ლოკატელის მიერ კამერების წინ ბოთლების დემონსტრაციულად გადადგმის შემთხვევებს მოჰყვა. 

ტრენდი რონალდუმ წამოიწყო, პორტუგალია-უნგრეთის მატჩამდე, ბუდაპეშტში გამართულ პრესკონფერენციაზე, როცა "კოკა-კოლას" ორი ბოთლი დემონსტრაციულად გასწია, სანაცვლოდ კი წყალი აიღო და პორტუგალიურ ენაზე წარმოთქვა Agua, რითაც დამსწრე საზოგადოებას მიანიშნა, რომ წყალი უნდა დალიონ. ანალოგიური ქცევა გაიმეორა "მანჩესტერ იუნაიტედის" და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, პოლ პოგბამაც. მან სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე არაალკოჰოლური "ჰეინეკენის" ბოთლი გადადო მაგიდიდან.

EURO 2020-ის ტურნირის დირექტორმა, მარტინ კალენმა განაცხადა, რომ UEFA-ს "ამ საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაცია ჰქონდა გუნდებთან". როგორც მან აღნიშნა, სპონსორების შემოსავალი მნიშვნელოვანია ტურნირისთვის და მთლიანად ევროპული ფეხბურთისთვის.

მართალია, UEFA არ დააჯარიმებს კონკრეტულ ფეხბურთელებს, თუმცა კალენმა არ გამორიცხა, რომ სანაცვლოდ ფინანსური სანქცია ეროვნულ გუნდებს დაეკისროთ, თუკი მსგავსი ინცინდენტები გამეორდება.

საგულისხმოა, რომ Coca-Cola-ს, Heineken-ს და 10 სხვა ტოპ სპონსორს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ UEFA-ს მიერ ტურნირიდან მიღებულ ჯამურ შემოსავლებში, რომელიც 2.4 მილიარდ დოლარს უტოლდება.

სასპონსორო კონტრაქტების დეტალები საჯარო არ არის, თუმცა წინა ჩემპიონატზე, 2016 წელს, UEFA-მ 576 მილიონი დოლარი მიიღო 10 სპონსორისგან.  

EURO 2020-ის კომერციული შემოსავლიდან ირიბ სარგებელს თავად მოთამაშეებიც იღებენ. ჩემპიონატის მონაწილე 24 ეროვნული ნაკრები UEFA-ს $442 მილიონიან საპრიზო ფონდს გაიყოფს, რაც ძირითადად სწორედ მოთამაშეების ბონუსებს მოხმარდება. ჩემპიონ გუნდს კი ყველაზე მეტის, 40.6 მილიონი დოლარის მიღება შეუძლია. სარგებელს იღებენ კლუბებიც, იმ 239 მილიონი დოლარიდან, რომელსაც UEFA ჩემპიონატის შემოსავლებიდან გამოყოფს, როგორც კომპენსაციას მოთამაშეების გაშვებისთვის საკუთარ ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ. გარდა ამისა, წლევანდელი ჩემპიონატის შემოსავლიდან დაახლოებით 925 მილიონი დოლარი განაწილდება UEFA-ს წევრ 55 საფეხბურთო ფედერაციაზე, როგორც ყოველწლიური გრანტი 2024 წლამდე განვითარების პროექტებზე დასახარჯად.

ცნობისთვის, პორტუგალიელი ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს ჟესტს, რომლითაც მან საჯაროდ თქვა უარი "კოკა-კოლაზე" წყლის სასარგებლოდ, გამოეხმაურა "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" დამფუძნებელი, თემურ ჭყონია. "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას მან რონალდუ გააკრიტიკა და მომხდარს "ხეპრე ფეხბურთელის ჟესტი" უწოდა.