
გერმანული ბიოფარმაცევტული კომპანიის, CureVac-ის მიერ შექმნილმა, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინამ კვლევის შუალედური შედეგებით, 47%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. იმისათვის, რომ ვაქცინამ მარეგულირებლების ავტორიზაცია მიიღოს, ის 50%-იან მინიმალურ ზღვარს უნდა აკმაყოფილებდეს.
კვლევაში ჩართულ 40 000 მოხალისედან კორონავირუსი 134 ადამიანს აღმოაჩნდა. კომპანია არ ავრცელებს ინფორმაციას თუ როგორია ვაქცინისა და პლაცებოს განაწილება.
CureVac-ი გეგმავს, რომ ვაქცინის გამოცდა დაასრულოს და ეფექტიანობის გაზრდილი მაჩვენებლით, მარეგულირებელს მიმართოს.
“ვაქცინების საჭიროება კვლავ დიდია და ვფიქრობ, რომ ამ მხრივ წვლილის შეტანა მაინც შეგვიძლია”, - ამბობს CureVac-ის აღმასრულებელი დირექტორი, ფრანც-ვერნერ ჰაასი.
კვლევის შედგების გამოქვეყნების შემდეგ, კომპანიის აქციები გერმანიაში გამართულ ვაჭრობაში 52%-ით დაეცა.
ვაქცინაზე ევროკავშირი განსაკუთრებულ იმედს ამყარებს. ბლოკმა CureVac-ს ვაქცინის 405 მილიონი დოზა ნოემბერში წინასწარ დაუკვეთა.
CureVac-ის მხარდამჭერებს მიეკუთვნება მილიარდერი ელონ მასკი. ვაქცინების მწარმოებელი კომპანია თანამშრომლობს Tesla-სთან ვაქცინის პრინტერთან დაკავშირებით, რომელსაც ნოემბერში Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა “მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი პროდუქტი“ უწოდა.
CureVac-ი ორდიზიანი ვაქცინაა, რომელიც mRNA ტექნოლოგიას ემყარება. მისი შენახვა მაცივრის ტემპერატურაზე სამი თვით შეიძლება.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნაომი კრესგი და ტიმ ლო