LIVE

ჯო ბაიდენის პრესკონფერენცია დასრულდა - რა თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა

16 ივნ 202122:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 2035
ჯო ბაიდენის პრესკონფერენცია დასრულდა - რა თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა
Patrick Semansky/AP

აშშ-ის პრეზიდენტმა ჟენევაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. ჯო ბაიდენმა საუბარი შემრიგებლური, მაგრამ მტკიცე ტონით დაიწყო

“იქ, სადაც უთანხმოება გვაქვს, მსურს პრეზიდენტმა პუტინმა გაიგოს, რატომ ვამბობ იმას, რასაც ვამბობ, რატომ ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ და როგორ ვპასუხობთ ამერიკის საზიანო ქმედებებზე. ვუთხარი პრეზიდენტ პუტინს, რომ ჩემი დღის წესრიგი არ არის რუსეთის ან სხვის წინააღმდეგ. ეს არის ამერიკელი ხალხისთვის”,- განაცხადა ბაიდენმა.

ალექსეი ნავალნის გარდაცვალება რუსეთისთვის დამანგრეველი იქნება

ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შემთხვევაში შედეგები რუსეთისთვის დამანგრეველი და კატასტროფული იქნება. თუმცა, მან არ თქვა, რა შედეგები მოჰყვება და რა ზომებს მიიღებს აშშ ნავალნის გარდაცვალების შემთხვევაში.

სასაცილოა - ბაიდენი პუტინის განცხადებაზე კაპიტოლიუმის შტურმის შესახებ

რუსეთში პოლიტიკური თავისუფლებების შეზღუდვის შესახებ კითხვის საპასუხოდ, ვლადიმერ პუტინმა მიუთითა 6 იანვრის არეულობებზე აშშ-ის კაპიტოლიუმთან და განაცხადა, რომ არ სურს ასეთი ქაოსი რუსეთში.

პუტინის ამ განცხადებაზე საუბრისას ჯო ბაიდენმა სიცილით აღნიშნა, რომ ეს შედარება “სასაცილოა”. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ერთ მხარეს არიან “კრიმინალები”, რომლებიც კაპიტოლიუმის აღებას ცდილობდნენ. “რუსეთში არიან ადამიანები, რომლებიც მშვიდობიანად აპროტესტებენ, ადამიანები, რომელთაც არ აქვთ უფლება, ისაუბრონ თავისუფლად”.

კიბერთავდასხმასა და არჩევნებში ჩარევას ექნება შესაბამისი შედეგი

ჯო ბაიდენის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა გამოავლინა გარკვეული კიბერ-ინფრასტრუქტურა, რომელი წვდომა შეზღუდულია. შეერთებულმა შტატებმა 16 სფერო განსაზღვრა,  როგორც კრიტიკული ინფრასტრუქტურა, მათ შორის, ენერგეტიკა. კრიტიკული ინფრასტრუქტურა კიბერ-ომის საზღვრებს მიღმა რჩება და ის კიბერთავდასხმებისთვის “დახურული იქნება”.

ბაიდენის თქმით, რუსი კოლეგა მას პრინციპულად ეთანხმებოდა, მაგრამ ”პრინციპი ერთია, ის პრაქტიკამ უნდა გაამყაროს”. აშშ-ის ლიდერის მტკიცებით, პუტინმა იცის, რომ არჩევნებში ჩარევასა და კიბერშეტევებს მომავალში “შესაბამისი შედეგები მოჰყვება”.

აშშ მოკავშირეების ერთგულია

აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები მოკავშირეების ერთგულ სახელმწიფოდ რჩება. “ბოლო კვირის განმავლობაში, მჯერა, იმედი მაქვს, რომ შეერთებულმა შტატებმა აჩვენა მსოფლიოს - ჩვენ ისევ ვდგავართ ჩვენს მოკავშირეებთან. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ მკაფიო საფუძველი იმის შესახებ, თუ როგორ ვაპირებთ რუსეთთან ურთიერთობას”,- განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ურთიერთობების გაუმჯობესების პერსპექტივა არსებობს

აშშ-ის პრეზიდენტმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესების პერსპექტივას რეალური უწოდა. “არსებობს რეალური პერსპექტივა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს ურთიერთობები ისე, რომ ჩვენ არ ვუღალატებთ პრინციპებსა და ღირებულებებს”.

ბაიდენი გაღიზიანდა - შეწყვეტილი პრესკონფერენცია

ჟურნალისტებმა ჰკითხეს ბაიდენს, თუ რა კონკრეტული შედეგების მიღება შეძლო მან პუტინისგან და მიუთითეს რუსეთის ლიდერის თავდაცვითი პოზიციაზე ადამიანის უფლებათა საკითხებში. აშკარად გაბრაზებული ბაიდენი ჟურნალისტებს მიუბრუნდა და კითხვებზე თავი გააქნია.

კითხვაზე, თუ რატომ იყო ბაიდენი დარწმუნებული, რომ პუტინი შეცვლიდა ქცევას წარსულში ცრუ დაპირებების შემდეგ, აშშ-ს პრეზიდენტმა უპასუხა: “თუ ეს არ გესმით, არასწორ საქმეში ხართ”.

Biden wraps press conference

თეთრი სახლის ცნობით, სამიტზე ჯო ბაიდენმა ორი საჩუქარი გადასცა რუს კოლეგას.

ერთი იყო ამერიკული ბიზონის ბროლის ქანდაკება. "ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი ძუძუმწოვარი, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს ძალას, ერთიანობას და გამძლეობას",- ნათქვამია განცხადებაში.

ჯო ბაიდენმა პუტინს საჩუქრად გადასცა ორიგინალური მზის სათვალეც. აშშ-ის პრეზიდენტი ცნობილია სპორტული Aviator სათვალეებით.