LIVE

რას ამბობს პუტინი ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ - ყველა განცხადება

16 ივნ 202121:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 2452
რას ამბობს პუტინი ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ - ყველა განცხადება
Reuters

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების რამდენიმე საათიანი შეხვედრა დასრულდა. რუსეთის პრეზიდენტმა შეხვედრას პროდუქტიული უწოდა და განაცხადა, რომ ლიდერებს შორის “გულწრფელი და გულახდილი საუბარი” შედგა. “ეს არ არის შეჯიბრი. ეს იყო პროდუქტიული შეხვედრა”,- განაცხადა პუტინმა.

ისტორიული დიალოგის შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა ჯო ბაიდენს “გამოცდილი სახელმწიფო მოღვაწე” უწოდა და დასძინა, რომ ის “ძალიან განსხვავდება პრეზიდენტ ტრამპისგან”. რუსეთის ლიდერი აცხადებს, რომ “არანაირი მტრობა” ლიდერებს შორის არ არსებობს.

რუსეთის პრეზიდენტმა პრესკონფერენციისას რამდენიმე საკვანძო თემაზე გააკეთა კომენტარი.

“არ გვინდა, რუსეთი შეერთებული შტატების მსგავსი იყოს”

ვლადიმერ პუტინი აშკარად გააღიზიანა ABC News-ის ჟურნალისტის კითხვამ პოლიტიკურ ოპონენტებთან მოპყრობის საკითხზე. 

“თუ თქვენი ყველა პოლიტიკური ოპონენტი მკვდარია, ციხეშია, მოწამლულია, ეს არ ნიშნავს, რომ არ გსურთ პოლიტიკური ბრძოლა?”

პუტინმა საპასუხო ცეცხლი გახსნა და მიუთითა 6 იანვრის არეულობებზე კაპიტოლიუმში და თქვა, რომ რუსეთს არ სურს ამგვარი “ქაოსი” საკუთარ საზღვრებში.

“ხალხი აჯანყდა და პოლიტიკური მოთხოვნებით მივიდა კონგრესში. მათ 20-დან 25 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ ... რის საფუძველზე ყოველთვის არ ვიცით. არ გვინდა ეს რუსეთში მოხდეს”,- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ალექსეი ნავალნის პატიმრობა 

რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის საკითხზე საუბრისას პუტინმა მედიას მომხდარის ობიექტური გაშუქებისკენ მოუწოდა.

"მან იცოდა, რომ დაარღვია რუსეთში მოქმედი კანონი. მშვენივრად იცოდა, რომ ეძებდნენ, მაგრამ ამის მიუხედავად დაბრუნდა რუსეთში. ნავალნის სურდა დაპატიმრება. მან გააკეთა რაც სურდა”,- განაცხადა პუტინმა.

კიბერუსაფრთხოება

რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კიბერუსაფრთხოება ორივე ქვეყნისთვის “ძალზე მნიშვნელოვანი” საკითხია. პუტინის განცხადებით, რუსეთმა “ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა” აშშ-ს სავარაუდო კიბერშეტევის შესახებ. მისი თქმით, აშშ-ს რეაგირება არ მოუხდენია.

“არ ვფიქრობ, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია განსაკუთრებით დაინტერესებულია ამით. მათ მხოლოდ ინსინუაციების გაკეთება შეუძლიათ, რაც ჩვენ გვჭირდება, ეს ექსპერტთა კონსულტაციების ჩატარებაა”.

ბირთვული უსაფრთხოება

ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთი და აშშ შეიარაღების კონტროლის შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებებს განიხილავენ.

New Start რუსეთსა და აშშ-ს შორის ბოლო შეთანხმებაა ბირთვული იარაღის შესახებ, რომლის დასრულებაც მოხსნის ყველა შეზღუდვას სტრატეგიული ბირთვული ქობინებისა და მიწოდების სისტემების განლაგების შესახებ.

ხელშეკრულების ვადა მიმდინარე წლის 5 თებერვალს ამოიწურა, რადგან დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უარი თქვა მის განახლებაზე. პუტინის თქმით, ორივე ქვეყანა აგებს პასუხს ბირთვულ სტრატეგიულ სტაბილურობაზე.

პატიმრების გაცვლის საკითხი

ვლადიმერ პუტინმა პატიმრების გაცვლის საკითხზე კომპრომისის მიღწევის შესაძლებლობაზე მინიშნება გააკეთა. მისი თქმით, ჯო ბაიდენმა დააყენა რუსეთის ციხეებში მყოფი შეერთებული შტატების მოქალაქეების საკითხი.  რუსეთის ლიდერის განცხადებით, შესაძლოა მხარეებმა მიაღწიონ კომპრომისს პატიმრების გაცვლასთან დაკავშირებით, თუმცა მას დეტალებზე არ უსაუბრია. 

არქტიკის მილიტარიზაცია

პუტინი არქტიკის მილიტარიზაციაზე საუბარს უსაფუძვლო შიშს უწოდებს. მისი თქმით, რუსეთი აღადგენს რეგიონში საბჭოთა პერიოდის ინფრასტრუქტურას, მაგრამ მოსკოვს სურს სრულად შეასრულოს საერთაშორისო კანონებით გათვალისწინებული ვალდებულებები. პუტინის თქმით, შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა უნდა ითანამშრომლონ არქტიკაში.

"ვიცით აშშ-ს წითელი ხაზები"

შეხვედრის წინა დღეს ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ  სურს რუსეთთან ურთიერთობა სტაბილური და პროგნოზირებადი იყოს, მაგრამ რუს კოლეგას "წითელ ხაზებზე" ისაუბრებდა.

სამიტის დასრულების შემდეგ პუტინმა თქვა, რომ ესმის აშშ-ს პოზიცია, მაგრამ კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობს. მისი თქმით, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშავებენ კიბერუსაფრთხოებასა და სტრატეგიულ სტაბილურობაზე.

ვლადიმერ პუტინის შემდეგ ჟურნალისტებთან განცხადებებს აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გააკეთებს.