LIVE

ბაიდენ-ერდოღანის უშედეგო შეხვედრის შემდეგ, ლირა გაუფასურდა

15 ივნ 202117:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 3469
ბაიდენ-ერდოღანის უშედეგო შეხვედრის შემდეგ, ლირა გაუფასურდა
Bloomberg

თურქული ლირა მეორე დღეა უფასურდება და გასული კვირის მიღწევებს აბათილებს მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის შეხვედრის შედეგად ვერ მოხერხდა ისეთი გარღვევა, რომელიც პოლიტიკურ დაძაბულობას შეამსუბუქებდა.

სამშაბათს ლირა დოლართან მიმართებაში 1,1%-ით გაუფასურდა, რაც განვითარებადი ბაზრების ვალუტებში ყველაზე დიდი შემცირებაა. 10-წლიან ობლიგაციებზე სარგებელი 16 საბაზო პუნქტით გაიზარდა და 18,20% შეადგინა, ხოლო საორიენტაციო Borsa Istanbul 100 ინდექსი მცირედით შეიცვალა.

გასულ კვირაში თურქეთის ეროვნული ვალუტა 3%-ზე მეტით გამყარდა, რაც განვითარებადი ბაზრების ვალუტების საუკეთესო მაჩვენებელს წარმოადგენდა. ზრდა იმ ოპტიმიზმის საფუძველზე მოხერხდა, რომ NATO-ს წევრი ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა ქვეყნებს შორის დაძაბულობას განმუხტავდა.

თუმცა, ერდოღანის განცხადებამ იმის შესახებ, რომ თურქეთის პოზიცია რუსული S-400 სარაკეტო სისტემების შეძენასთან დაკავშირებით უცვლელი რჩება, მოსალოდნელი პროგრესის იმედები ჩაახშო.

მიუხედავად ორივე ლიდერის განცხადებისა, რომ მათი გუნდი განაგრძობს დისკუსიას, მნიშვნელოვანი მიღწევები არ გამოცხადებულა, რაც ლირას გასული კვირის მიღწევების უკუგდების მიზეზი გახდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: თუქჩე ოზოი